LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩაკვეტაძის ოპერაციამ კარგად ჩაიარა

319
49101981_604658656656958_6476784156649979904_n

გიორგი ჩაკვეტაძემ ოპერაცია გაიკეთა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ჩაკვეტაძეს მოედანზე დაბრუნების ორი მცდელობა ქონდა, მაგრამ არ გამოვიდა და ოპერაციის გაკეთებაც გადაწყვიტეს.

გიორგის ოპერაცია ანტვერპენში გაუკეთეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და თავს კარგად გრძნობს. არის ვარაუდი, რომ ჩაკვეტაძე მოედანს ოთხ თვეში დაუბრუნდება, თუმცა ზუსტი თარიღის თქმა ახლა შეუძლებელია.

 

გიორგი ჩაკვეტაძის ოპერაციას გოგა გახოკიძე ესწრებოდა, რომელიც ფეხბურთელის სატრანსფერო საქმეებს უნგრელ როჯერ ანგოტესთან და ლაშა ჯაკობიასთან ერთად წარმართავს.
საქართველოს პირველი არხი გოგა გახოკიძეს ბელგიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა.

 

როგორ ჩაიარა ოპერაციამ?

გიორგის ჯვარედინი მყესები ჰქონდა დაზიანებული და ოპერაცია სამი საათი გაგრძელდა. სამწუხაროდ, ოპერაციის შემდეგ ექიმთან ნორმალურად დალაპარაკება ვერ მოვახერხეთ, რადგან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მაგრამ ის შემიძლიათ გითხრათ, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

რამდენ ხანში დაუბრუნდება მოედანს გიორგი?

ამის ზუსტ დროს ვერ გეტყვით, რადგან ეს ინდივიდუალურია და კონკრეტული მოთამაშის ორგანიზმზეა დამოკიდებული. მიახლოებითი ვადა კი ოთხიდან ექვს თვემდეა.

ჩაკვეტაძე დეკემბერში დაშავდა. „გენტში“ კი მაინც ავარჯიშებდნენ და ოპერაციის გაკეთებას არ აჩქარებდნენ. რა იყო ამის მიზეზი?

ბელგიელები ოპერაციაზე თავს მართლა იკავებდნენ და ამბობდნენ, რომ რამდენიმე მოთამაშემ ასეთ ვითარებას ოპერაციის გარეშე დააღწია თავი და გიორგის შემთხვევაშიც ამის იმედი ჰქონდათ. ელოდნენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ქართველებს საამაყო ექიმი გვყავს, ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრი მერაბ ვარძუკაშვილი. ის პირველი იყო, რომელიც ოპერაციის საჭიროებაზე ალაპარაკდა. მის სიმართლეში ახლა ბელგიელებიც დარწმუნდნენ.

არის ვერსია, რომ თითქოს, „გენტი“ ჩაკვეტაძის ტრავმას მალავდა, მისი სატრანსფერო ფასი რომ არ შემცირებულიყო – ტრავმირებული ფეხბურთელის კონტრაქტს არავინ გამოისყიდის…

21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშის ტრავმა დამალო. ახალ გუნდში მისული მოთამაშე ჯერ სამედიცინო შემოწმებას გადის და კონტრაქტს მერე აფორმებს. ვიმეორებ, „გენტში“ იმედი ჰქონდათ, რომ გიორგი მდგომარეობიდან ოპერაციის გარეშე გამოვიდოდა. უბრალოდ, ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა და ეს ჭორები და დაბნეულობაც ამან გამოიწვია.

„ბარსელონას“ დაინტერესებაზე გავრცელებული ინფორმაციაც ჭორი იყო?

გიორგის თამაშზე დასაკვირვებლად კატალონიელთა სკაუტები ორჯერ იმყოფებოდნენ. მაგრამ მთავარია, სადაც გადავა, ითამაშოს და განვითარდეს. „ბარსელონა“ და მსგავსი დონის გუნდებზე ფიქრი, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება. თორემ ნიჭიერი რომ არის, საკამათო არაა და მას ყველა ევროპული ტოპ-კლუბი იცნობს, მათ შორის, „ბარსელონაც“. თუმცა, ოპერაციის შემდეგ, გიორგის ტრანსფერზე ლაპარაკი ნაადრევია. ახლა ეს „გენტსაც“ არ აწყობს, რადგან ნაოპერაციებ ფეხბურთელში დიდ ფულს არავინ გადაიხდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები