მსახიობი კახა კინწურაშვილი ამბობს, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) ახლობლებს სააპელაციო სასამართლოს იმედი აქვთ.
როგორც მან “ფორტუნასთან” ინტერვიუში განაცხადა, განაჩენი უსამართლოა და თავად გიორგიც, პროცესის ასეთ დასასრულს არ ელოდა.
“ზუსტად ვიცი, რომ ის რა განაჩენიც დადგა დღეს და რა ფაქტის წინაშეც აღმოჩნდა გიორგი, ამას არ ელოდა. გაოგნებული დარჩა. ძლიერი ადამიანია და მოუწოდა მშობლებს, რომ არ ენერვიულათ. თვითონაც დარწმუნებულია, რომ თავის სიმართლეს დაამტკიცებს. ჩვენც, მეგობრები, მის სიმართლეს გარეთ გამოვიტანთ”, – განაცხადა კახა კინწურაშვილმა “ფორტუნასთან”.
მანვე, იმედი გამოთქვა რომ გიორგი გიორგანაშვილს 8 წელი ციხეში ჯდომა არ მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი, საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დამნაშავედ სცნო.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, გიორგი გ-მ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშულება ‘’ბუპრენორფინის“ (სუბოტექსი) შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი, რაც 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.