გიორგი ალიბეგაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში ასახულ პრობლემურ ტენდენციებს არ ეთანხმება. მისი განცხადებით, „რუსთავი 2″-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისა და ბიძინა ივანიშვილისთვის ქონებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებით საკრებულო კანონის შესაბამისად მოქმედებდა.
„მე-5 მოწვევის საკრებულოში ჩატარდა სამი წლის მანძილზე 200 სხდომა, გამოტანილი იქნა 400-ზე მეტი დადგენილება და 4500-მდე განკარგულება. საკრებულო არ არის საგამოძიებო ორგანო, საგამძიებო ორგანო და უწყებები სხვა არის, ჩვენ ამას არ ვსწავლობთ. თუკი რაიმე დარღვევის ნიშნები შეინიშნება მერიიდან გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში, უნდა მივმართოთ სასამართლოს,“ – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ანგარიშის თანახმად, საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისის საკრებულომ თბილისის მთავრობას ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემის თაობაზე 58 შემთხვევაში მისცა თანხმობა.