საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ წაყენებულ კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის მოწოდების მიუხედავად, ვერც პროკურატურის მიმართვა და ვერც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ვერ გაბედა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს, პარტია “ ქართულ ოცნებას “ პრეზიდენტ მარგველაშვილის შიში აერთიანებს. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური პარტია, ფაქტობრივად დაიშალა. სწორედ ამ შიშის გამო იყო ის, რომ მათ არ მისცეს საშუალება პრეზიდენტს მონაწილეობა მიეღო საქართველოს პარლამენტში დებატების ფორმატში. სწორედ ამ შიში გამო, მათ კორუფციასთან დაკავშირებული, უმძიმესი ბრალდება წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს. ჩვენს მოწოდებაზე, რომ ან პროკურატურისთვის მიემართათ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ან იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყოთ, მათ ფაქტობრივად ვერაფერი გაბედეს. ასეთი უკან დახევის ფონზე, მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას კარგად გაანალიზოს და შეაფასოს არსებული ვითარება”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
კობახიძემ პატიმართა შეწყალების მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საფუძველი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია და სამართლდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“.