დეკანოზი გიორგი მამალაძე ფრაზით „შორენა თეთრუაშვილი მარილზე გავა“ პატრიარქის მდივნის ფსიქიკურად შეშლას გულისხმობდა, ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ დეკანოზის სახაზინო ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განაცხადა.
სასამართლოში დღეს „ციანიდის საქმეზე“ მტკიცებულებების წერილობითი გამოკვლევა მიმდინარეობდა, სადაც, ასევე, წარდგენილი იყო ირაკლი მამალაძესა და დეკანოზ გიორგი მამალაძის შორის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი.
დეკანოზის ადვოკატმა ვიდეოდან ციტატები მოიყვანა :
დეკანოზი : შორენას გაუშვებენ მარილზე.
ირაკლი მამალაძე : რას გულისხმობ „მარილზე გაშვებაში“?
დეკანოზი: შენ ხომ იცი, მაგას ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება აქვს, პატრიარქის გარდაცვალებამდე გაგიჟდება და საპატრიარქოში არ შეუშვებენ.“
ადვოკატ პაატა მეხრიშვილის მტკიცებით, სწორედ ეს ნაწილი იყო ამოჭრილი ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „მარილზე წასვლა“ არა მოკვლას, არამედ მის ფსიქიკურად შეშლას გულისხმობს.
„გინახავთ გაგიჟებული მკვდარი?!“ – აღნიშნავს ადვოკატი და ამბობს, რომ პროკურატურის წერილობით მტკიცებულებებს მაკულატურის ფასიც კი არ აქვს.