„ევროპული საქართველოს“ თავმჯდოდმარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, რაც შეეხება საქართველოს, საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს“.
მისი განცხადებით, „ტრაგიკულია, რომ გვყავს რეჟიმი, რომელმაც ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა“, ამიტომ ბოკერია მიიჩნევს, რომ საბოლოო შედეგი, ნატოს წევრობა, ამ რეჟიმის პირობებში, მისი შეცვლის გარეშე შეუძლებელია.
„როგორც კი უკრაინაში ომის აქტიური ფაზა მორჩება და დარწმუნებული ვარ, რომ მორჩება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ეს ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ტრაგიკული ამბავია, რომ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელსაც არათუ არაფერი გაუკეთებია, რომ საქართველო ამავე კონტექსტში ყოფილიყო და ეს ნაბიჯი გადაგვედგა, არამედ პირიქით, ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა. საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს, რომ უკრაინას საქართველო მიჰყვეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.