LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბედინეიშვილი: იმედი მაქვს, მთავრობა დააყენებს საშველს და მოგების გადასახადთან დაკავშირებით, გააკეთებს იმას რასაც ამბობს

38

,,ნებისმიერი გადასახადის შემცირება მისასალმებელია. იმედი მაქვს, მთავრობა დააყენებს საშველს და რასაც მოგების გადასახადთან დაკავშირებით ამბობს, გააკეთებს” – ამის შესახებ ,,ფორტუნას” აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა განუცხადა.

,,საუბარია დივიდენდის დაბეგვრაზე, რაც ცუდი იდეა არ არის. ვნახოთ რამდენად შეძლებენ ამის გაკეთებას. ესტონური მოდელი კარგა ხანია მუშაობს და კარგი შედეგებიც აქვს ეკონომიკის ფისკალური სტიმულირების კუთხით. იმ მოდელის გადმოღებაში, რომელიც კარგად მუშაობს, ცუდი არაფერი არ არის”, – აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი საუბარია იმაზე, რომ მოგების გადასახადი იქნება და დივიდენდი დაიბეგრება, ეს საკმარისად მარტივი მოდელია და შეიძლება ამან იმუშაოს.

გიგა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ მოგების გადასახადის გაუქმების შემდეგ ბიუჯეტი ერთჯერადად შემცირდება, თუმცა დარწმუნებილია, რომ ამ შემცირების კომპენსირება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებით შესაძლებელია.

,,ბიუჯეტის ხარჯები აშკარად გაბერილია. ფულის უაზრო ხარჯვა და წყალში ყრა მიმდინარეობს. ამიტომ მთავარია, მთავრობამ სწორედ ამას მიხედოს და ხარჯები შეამციროს”, – განმარტა ბედინეიშვილმა.

მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან. მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციაზე მუშაობა დაიწყო და განიხილავს ესტონური მოდელის დანერგვის საკითხს.

პრემიერის თქმით, შესაბამის კანონპროექტს მთავრობა უახლოეს მომავალში განიხილავს. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საკითხს მხარს საპარლამენტო ოპოზიციაც დაუჭერს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები