„ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი – ჩვენ არ უნდა შეგვაცდინოს იმან, რომ ასეთ დიდ წარმატებას მივაღწიეთ”, – ასე აფასებს ფილოლოგი, ზოგადი განათლების საკითხებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კონსულტანტი გია მურღულია 26 მარტს მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას. მისი თქმით, ასეთი გამარჯვებები საზოგადოებაში მთავარს რასაც ბადებს, ეს იმედია.
„არც ერთი წამით არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ამ ბიჭების უკან მთელი საქართველო იდგა. იცით, რით იდგა? მთელი ისტორიით, თავისი ძალმოსილებით, ოცნებებით, თავისი დარდებითაც კი და ყველა აქეზებდა ამ ბიჭებს, რომ „აბა, თქვენ იცით!“. ბოლო პენალტი რომ გავიდა, ვულკანივით ამოხეთქა! ამ მომენტს რამდენჯერმე ვუყურე..
იცით, ეს რისი იმედია? რომ შენ შეგიძლია და მარტო ამ სფეროში კი არა, ყველგან შეგიძლია. ჩვენ მართლაც შეგვიძლია, რომ ყველა სფეროში წარმატებას მივაღწიოთ. ასეთი ერთიანობა, როდესაც მთელი ქვეყანა ამ ფეხბურთელებში არის განსხეულებული, ბადებს იმის იმედს, რომ ყველაფერი შეუძლიათ. ამნაირი განწყობის წინააღმდეგ ვერავინ წავა! ამის წინააღმდეგ ვერც მსოფლიო წავა! თუ ჩვენ ისეთები ვიქნებით, როგორებიც ეს ბიჭები იყვნენ მოედანზე, თუ ჩვენ მოვინდომებთ და სიტყვა სიყვარულს შევუწყვილებთ პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობას, მიზანსწრაფულობასა და ასე შემდეგ, ჩვენი გამჩერებელი არავინაა“, – აღნიშნა გია მურღულიამ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.