LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მაჭარაშვილი: „მე და ჩემი მეუღლე 33 წელია, რაც ერთად ვართ… ის რომა რცხილაძემ გამაცნო…“

599
გია მაჭარაშვილი

ცნობილი კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, როგორ შეხვდა მომავალ მეუღლეს.

რამდენი წელია, რაც ერთად ხართ?

1990 წლიდან, ანუ, 33-ე წელია, ერთად ვართ.

როგორი იყო თქვენი ურთიერთობის დასაწყისი?

სადღაც უნდა გადაეყარო შენს ბედს. ერთხელაც, მოვხვდი იმ დაწესებულებაში, სადაც ჩემი, მაშინ მომავალი, მეუღლე მუშაობდა. ის ჩემი ახლობლის მეგობრის და აღმოჩნდა. ჩემი ახლობელი კი გახლდათ ყველასათვის ცნობილი რომა რცხილაძე. ჩემი მეუღლე მაშინ მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა, უცხოეთის განყოფილებაში. იმ პერიოდში სადღაც ვაპირებდით წასვლას და საბუთების გასაფორმებლად რამდენჯერმე მოგვიწია იქ მისვლა. ნინოს იქ მოვკარი თვალი და რომამ მითხრა, ეს გოგო ჩემი მეგობრის და არისო. მე ვუთხარი, კარგი გოგოა და დაოჯახებულია-მეთქი? როგორც ვიცი, არა და ვა, გინდა, გაგაცნოო? – კითხვითვე მიპასუხა რომამ. რატომაც არა-მეთქი და ყველაფერი აქედან დაიწყო (იცინის). რომას წყალობით მოხდა ჩვენი შეხვედრა და სულ რაღაც ორ თვეში მოვაწერეთ ხელი. წყნარი, ბუნჩულა გოგო იყო. ახლაც ასეთია, ძალიან რომ გინდოდეს, ვერ გააბრაზებ. ხმამაღლა რამის თქმა არ შეუძლია, დაყვირება რა არის, საერთოდ არ იცის, მაგრამ თუ რამეზე გაბრაზდა, იბუტება (იცინის). მე რამე თუ მეწყინა, უცებ გადამივლის ხოლმე, ცოტა ხანში არც მახსენდება, მაგრამ ის რომ გაბუტულია, მაშინ „ჭიდაობა“ მიწევს. ხან აქედან მივუდგები, ხან იქიდან და ჩვენი ურთიერთობა თეატრალიზებული ხდება, სალი კლდესავით დგას ხოლმე (იცინის). რას იზამ, ქალბატონებს სჩვევიათ გაბუტვა. აბა, რა მამაკაცის საქმეა გაბუტვა და გაბერვა.

თუ უმღერით ხოლმე, რომანტიკული თუ ხართ?

როცა ორივეს მოგვინდება, როგორ არა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ტექსტებში ძალიან მიჭირს. საშინელებაა, მაგრამ „შპარგალკა“ თუ არ დავიდე, ვერ ვიმღერებ – რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკუთარ სიმღერებზე ვსაუბრობ. ამოვიღებ ხოლმე ფურცელს, წინ დავიდებ და ვკითხულობ. გაუმართლებელი და ჩემგან ცოტა ძნელად მისაღებია უცხოსთვის, მაგრამ საკუთარ სიმღრებზე შპარგალკები მჭირდება, სხვისას, მით უმეტეს, ვერ ვიხსენებ. ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაკლია. სადმე სტუმრობისას რომ მჭირდება სიმღერა, სირცხვილით ხმას ვერ ვიღებ. ამიტომ, სადმე რომ მივდივარ, ორი-სამი სიმღერის ტექსტს ჩავიდებ ჯიბეში და შესრულებას რომ მთხოვენ, ბოდიშის მოხდით, „დავაძრობ“ ჩემს ფურცლებს. სხვა რა გზაა, ლალალათი ხომ არ ვიმღერებ სიმღერას, თორემ მელოდია ყველასი მახსოვს (იცინის). ჩემგან უკვე შეგუებულები არიან ამას და გაოცებული სახეებით აღარ მიყურებენ (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები