შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ იხსენებს, თუ ვინ არის ელგუჯა ცომაია, თუმცა დასძენს, რომ მისივე თქმით, უკრაინაში უამრავ ქართველს შეხვედრია და უამრავი ქართველისთვის აღმოუჩენია დახმარება და შეიძლება ერთ-ერთი მათგანი იყოს ცომაიაც.
„დანაშაულის დაგეგმვაში რას გულისხმობს პროკურატურა? უამრავი ნიუანსი არსებობს. იქ საბაჟო, საზღვარი, შემდეგ აქ… როგორ დაიგეგმა ეს? უბრალოდ მძღოლს უთხრა, წაიყვანეო – ესაა დაგეგმვა? თუ დაგეგმვა მთელ რიგ ქმედებებს მოიცავს? მასალები ჯერ არ გადმოუციათ. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ლორთქიფანიძე შსს-ში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ამ პერიოდში უწყებაში არაერთი რეფორმა გატარდა და დღეს ლორთქიფანიძეს მხოლოდ პოლიტიკურ ნიშნით შეიძლება ედავებოდნენ. ესაა ერთადერთი მოტივი. ჩვენთვის უცნობია, როდის და რა ვითარებაში მიიღო ეს ხმოვანი შეტყობინება ცომაიამ. გია ლორთქიფანიძე უკვე 7 წელია, თუ მეტი არა, ცხოვრობს უკრაინაში. ის ამბობს, რომ უკრაინაში უამრავ ქართველს შეხვედრია და უამრავი ქართველისთვის აღმოუჩენია დახმარება და შეიძლება ერთ-ერთი მათგანი იყოს ცომაიაც, თუმცა ასე კონკრეტულად, ვინ არის ელგუჯა ცომაია, ვერ იხსენებს“, – ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში საზღვრის უკანონოდ კვეთით შემოსვლას.
მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია.
მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილე პასუხისგებაში მისცეს