LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ჯოხთაბერიძის კერძო კოლექციიდან ნახატები ახალ მუზეუმში გადაინაცვლებს

868

26 სექტემბერს  რუსთაველის  გამზირზე  ქართული  სახვითი  ხელოვნების  მუზეუმის გახსნის ცერემონია შედგება. თბილისს კულტურის ახალი კერა შეემატება, რომელიც ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა შორის მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს.

მუზეუმში გამოიფინა მისი დამფუძნებლების, გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის ოჯახის სურათების კერძო კოლექცია, რომელიც მოიცავს 80-მდე მხატვრის 3500 ხელოვნების ნიმუშს 1945 წლიდან დღემდე. „თუ მხატვარს საგამოფენო სივრცე არ აქვს, ის ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით დაიკარგება,“- ამბობს გია ჯოხთაბერიძე.

მუზეუმში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პირობებია როგორც მდგრადობის თვალსაზრისით, ისე ტემპერატურული რეჟიმის და განათების მხრივ. მუზეუმის საგამოფენო სივრცე 7000 კვ.მ.-ს მოიცავს, საცავი – 6000 კვ.მ. სურათს იტევს. მუზეუმს აქვს 120-კაციანი საკონფერენციო დარბაზი და 300 კვ.მ. დარბაზი დროებითი გამოფენებისთვის.

მუზეუმი პოპულარიზაციას გაუწევს  ქართულ თანამედროვე  სახვით ხელოვნებას, მეტ მოტივაციას შეუქმნის მხატვრებს, კვლევების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს ხელოვნებათმცოდნეებს, ახალგაზრდობისთვის კი განათლების კერა გახდება. მუზეუმში არსებულ კოლექციას  ახალი ნამუშევრები შეემატება და მუდმივი ექსპოზიციის გარდა დროებითი გამოფენებიც მოეწყობა. მუზეუმი მნიშვნელოვანია როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის ქართული კულტურის გასაცნობად და დასაფასებლად.

„ამ მუზეუმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა მთელ მსოფლიოს აჩვენოს რა ხდება ამჟამად საქართველოში, რითი ცხოვრობს ეს ერი და რა ტრადიციები აქვს“, – გია გუგუშვილი,  თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი.

მუზეუმის სტუმრებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, შექმნილია არტჰაუსის კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, კაფეებს, საცურაო აუზს, საუნას, სავარჯიშო დარბაზს და ბუტიკებს. მიწის ქვეშ განთავსებულია სამსართულიანი ავტოფარეხი 155 მანქანისთვის.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია 2018 წლის 2 ოქტომბრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები