LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია გაჩეჩილაძე გავრცელებულ ვიდეოზე: „ვისაც არ მოსწონს, ნუ უყურებს…“

411

გია გაჩეჩილაძის, იმავე უცნობის „აღსარებამ“, რომელიც მამა სერაფიმესთან და სხვა მღვდელმსახურებთან ერთად ქანდაში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში შეასრულა, სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი ამ ერთგვარ პერფორმანსს დადებითად შეხვდა, ნაწილი – უარყოფითად. არ წყდება ამ გამოსვლის მიმოხილვა ინტერნეტსივრცეში, სადაც უამრავი ადამიანი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას.

Fortuna.ge უცნობს კომენტარისთვის დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, გაეცნო თუ არა გამოხმაურებებს, რაც ინტერნეტში მის პერფორმანსს მოჰყვა. გია გაჩეჩილაძემ გვიპასუხა:

„არა და არც მაინტერესებს. ვისაც არ მოსწონს, ნუ უყურებს…“

გია გაჩეჩილაძემ ვრცლად ამ თემაზე „იმედის“ დილის გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა:

„მე და მამა სერაფიმემ ცოტა ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი. როცა მამაოსთან კელიაში ვიყავით, დაიბადა ეს იდეა, იცოდა ჩემი ეს ლექსი, იქნებ წაიკითხო და აკომპანემენტს გაგიკეთებო. იმის თქმა მინდა, რასაც ვამბობ – ჩემი გავლილი ცხოვრება და მისი გადაფასება, ძალიან ცოტა არ გამივლია…“

„მეც ძალიან ბევრი რამ არ მომწონს ქართულ ტელესივრცეში და არც ვუყურებ“, აღნიშნა მსახიობმა.

მამა სერაფიმეს თქმით კი, უწმინდესის იდეა იყო, რომ გაკეთებულიყო პროექტი, რაც საერო ხალხსა და სასულიერო პირებს გააერთიანებდა – „ამაზე ვმუშაობდით და ვფიქრობდით… ყველაზე დიდი საჩუქარი ღვთისგან, რაც ადამიანებს გაგვაჩნია, ეს თავისუფალი ნების გამოხატვაა. აუცილებელია, ერთმანეთთან ვისაუბროთ. მიხარია, როცა ადამიანი თავის პოზიციას დააფიქსირებს და იტყვის, მამაო, მე ეს არ მომეწონა. ეს ძალიან ლამაზი მომენტია სასულიერო პირის და საეკლესიო პირის ურთიერთობაში. არ არის ლამაზი ამაზე ქილიკი. დაიწყეს ლაპარაკი, სინოდზე გადავცეთ მამა სერაფიმეო. პატრიარქის გარეშე როგორ გადავდგამდი ამ ნაბიჯს?!. ტაძარში მე დავუშვი, რომ გიას ეთქვა თავისი აღსარება. ეს გამონაკლისია იმისთვის, რომ ხალხმა დაინახოს ეს. თუ ასეთი განწყობით მიიღე, როგორც შოუ, ეს იქნება შოუ. ეს წირვის დროს არ მომხდარა, წირვა დამთავრებული იყო, გამოცვლა ვეღარ მოვასწარი, გია მიდიოდა და ვთხოვე, თქვი, რისი თქმაც გინდა-მეთქი. გია ამბიონზე არ დგას, ამბიონზე ვდგავარ მე. ჩემთვის ეს იყო აღსარება და მჯერა გიას აღსარების…“

ნინო მურღულია

 

 

უცნობის პერფორმანსი ეკლესიაში მამა სერაფიმესთან ერთად – ნახეთ ვიდეო, სანამ ის ინტერნეტჰიტი გახდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები