„მთავრობის მიერ დამოუკიდებელ უნივერსიტეტებზე თავდასხმა, ამ უნივერსიტეტებში წარმოებული და გადაცემული ცოდნის იდეოლოგიის მიუღებლობის საბაბით, წარმოადგენს აკადემიური თავისუფლების უხეშ დარღვევას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია“, – ამის შესახებ ნათქვამია ფიზიკის პროფესორის, გია დვალი განცხადებაში, რომლითაც იგი „საქართველოსა“ და „თავისუფალი“ უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
„აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების დასაყრდენს, და აუცილებელია ის დაცული იქნეს ფუნდამენტურ საკანონმდებლო დონეზე, მათ შორის კონსტიტუციით.
ეს დაცვა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე საქართველოში, დემოკრატიის დამცავი სხვა მექანიზმების არარსებობის ან სისუსტის გამო.
აკადემიური თავისუფლების არარსებობა არა მხოლოდ დაუცველს ხდის იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც არიან კონკრეტული თავდასხმის ობიექტი, არამედ უაღრესად ართულებს სხვა უნივერსიტეტების მხრიდან სოლიდარობის გამოხატვას, ვინაიდან აკადემიური დაუცველობა საყოველთაოა.
არსებული სიტუაცია ცალსახად მიუთითებს აკადემიური თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიის შექმნის აუცილებლობაზე. მოვუწოდებთ მთავრობას დაიცვას აკადემიური თავისუფლება და მიიღოს ყველა ზომა რათა შეწყდეს შეტევა უნივერსიტეტებზე.“ – ნათქვამია გია დვალის განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ „საქართველოს უნივერსიტეტსა“ და „თავისუფალ“ უნივერსიტეტზე „თავდასხმით „ქართული ოცნება“ ცდილობს კიდევ ერთხელ შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს, სადაც ადამიანები განათლების მიღებას ცდილობენ.“
დეპუტატებმა სხვა უნივერსიტეტებსაც მოუწოდეს აღნიშნულ უნივერსიტეტებთან მიმართებით, სოლიდარობა გამოიჩინონ.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.