საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ისტორიას იხსენებს.
“ღვთაებრივი გალაკტიონის დაბადების დღეზე გავიხსენებ მის დამოკიდებულებას სრულიად ახალგაზრდა ზვიადისა და მისი მეგობრების მიმართ. ეს მოხდა 1957 წლის დასაწყისში, როდესაც გაასამართლეს წევრები არალეგალური ორგანიზაცია “გორგასლიანისა”. რას ამბობთ ძამიკო, გადავარჩინოთ ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდებიო, უთქვამს პოეტს. ეს არის ამონარიდი ჩემი მომავალი წიგნიდან:
“გამომძიებელთა თავშეკავებას ზვიად გამსახურდია ხსნის იმით, რომ მწერალთა ჯგუფმა, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძემ, შალვა დადიანმა, პავლე ინგოროყვამ, გიორგი ლეონიძემ, გერონტი ქიქოძემ თხოვეს ვ. მჟავანაძეს გულისხმიერება გამოეჩინა ახალგაზრდების მიმართ. როდესაც მჟავანაძემ ხრუშჩოვს უპატაკა მომხდარზე, ხრუშჩოვს უთქვამს, „ეგღა გვაკლია, ბავშვების გვეშინოდეს“, ამას კი ჩვენი განთავისუფლება მოჰყვაო”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ დღეს 17 ნოემბერს ფენომენალური ქართველი პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა.