საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, “ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის” განხილვაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები დარგის რეფორმირებისა და ინსტიტუციური მოწყობის პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები.
„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის სექტორში, ახალი სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებაზე. ამავე დროს ღვინის მართველობით რგოლის რეორგანიზაციის და რესტრუქტურიზაციაზე დარგის მეტი ჩართულობის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღვინის სააგენტოს რეფორმირება შეიძლება მოხდეს. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციების გათვალისწინება, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია, ამიტომ სამუშაო პროცესი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე მოხსენებით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი გამოვიდა და „ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის“ მიზანზე ისაუბრა. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, არსებული პროექტის მეშვეობით, მეღვინეობის დარგის შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი კერძო სექტორის უფრო მეტი ჩართულობა მოხდება.
“ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტში“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეული, მეღვინეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტი ჯონბარ კერი მონაწილეობს, რომელიც განხილვის მიზნით, საქართველოს უკვე მესამედ ეწვია. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია FAO.