LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის ექსპორტი 39%-ით შემცირდა

78

ღვინის წლიური ექსპორტი 2015 წელს 39%-ით შემცირდა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამას რეგიონში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებს უკავშირებენ.

როგორც ”ფორტუნას” ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს,  ექსპორტის შემცირება გამოიწვია ორი უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-51%) და უკრაინაში (-56%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ.

”ექსპორტის საერთო მაჩვენებელი შემცირებულია მხოლოდ 2014 და 2013 წლებთან შედარებით, როდესაც რამდენიმეწლიანი ემბარგოს შემდეგ გაიხსნა რუსეთის ბაზარი და ამ ქვეყანაში ექსპორტმა პიკს მიაღწია. მაგალითისთვის, 2012 წელს ექსპორტირებული იყო მხოლოდ 23,3 მლნ ბოთლი ღვინო, 2011 წელს – 19,0 მლნ ბოთლი, 2010 წელს – 14,8 მლნ ბოთლი, 2009 წელს – 10,9 მლნ ბოთლი, 2008  წელს– 12,2 მლნ ბოთლი,”- განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ყველაზე მეტი რაოდენობით ექსპორტირებულია ადგილწარმოშობის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ქინძმარაული“ – 5 114 901 ბოთლი, წითელი მშრალი ღვინო „მუკუზანი“ – 1 827 248 ბოთლი და თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ – 1 343 232 ბოთლი. ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ახაშენი“ – 651 348 ბოთლი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ – 348 416 ბოთლი.

ამასთან ერთად, 2015 წელს საქართველოდან 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 266 755 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 18,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები