LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მზად არ არის, შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, ახლა ეძებს მიზეზებს, რომ ეს ჩვენ დაგვაბრალოს“ – სოზარ სუბარი

181
სოზარ სუბარი

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მზად არ არის, შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, ახლა ეძებს მიზეზებს, რომ ეს ჩვენ დაგვაბრალოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, „საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ომში ჩართვის მოთხოვნაზე წინ აყენებს და ამას არ გვპატიობენ, ამიტომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ერთგვარ ზეწოლის ბერკეტად იყენებენ“.

„შეგახსენებთ, ოლივერ ვარჰეის, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო საქართველოში და ჩვენმა ოპოზიციამ რუსეთის და პუტინის აგენტად გამოაცხადა, მას მერე, რაც ევროკომისიაზე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 პუნქტი აქვს შესრულებულიო, დღეს აღარ მოიხსენიებენ ამ ტერმინებით. ვარჰეის განცხადება აბსოლუტურად არასწორია, მაგრამ მან თქვა ის, რაც უნდა ეთქვა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, რადგან ეს არის ევროკავშირის პოზიცია. რატომ ვამბობ ამას: ხშირად ვამბობთ, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ის თუ ტექნიკურად როგორ შესრულდა დავალება.

რას ნიშნავს პოლიტიკური გადაწყვეტილება? აქ არის ორი თემა: პირველი – არის თუ არა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის? ამ ბოლო დრომდე ევროკავშირი გაფართოებისთვის ნამდვილად არ იყო მზად და უკრაინის მოვლენების ფონზე ცხელ გულზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მოდი, ვაჩვენოთ უკრაინას, რომ რადგან ამ ომში ებმება და მხარს კი ვუჭერთ, მაგრამ ჩვენ არ ვებმებით, ითქვას, რომ ვაძლევთ კანდიდატის სტატუსსო. ბუნებრივია, აქ ჩაერთო მოლდოვაც, რადგან მას ჰყავს რუმინეთი და საქართველოც, რომელიც ლიდერიც იყო ამ ე.წ. ტრიოს ქვეყნებში, ამიტომ განზე ვერ დატოვეს, ამიტომ თქვეს, რომ ჩვენ ევროპულ პერსპექტივას გვაძლევდნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მით უმეტეს, ევროკავშირის წევრად აიყვანოს და ახლა ეძებს მიზეზებს, რომ თვითონ რომ არ არის მზად ჩვენს მისაღებად, ეს აქეთ დაგვაბრალოს. მეორე ის, რომ საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გარკვეულ მოთხოვნებზე, მათ შორის, ომში ჩართვის მოთხოვნაზე წინ აყენებს. ამას არ გვპატიობენ და ამიტომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარ ზეწოლის ბერკეტად გამოყენებული, რომ რამენაირად გვაიძულონ თამაშის ის წესები ვითამაშოთ, ამ შემთხვევაში რუსეთთან უფრო სერიოზულ კონფლიქტში შესვლა იგულისხმება, რომელსაც თავს გარედან გვახვევენ“, – აცხადებს სოზარ სუბარი.