პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით წარდგენილ წინადადებაზე იმსჯელეს.
დაწესდება თუ არა 17 სექტემბერს საქართველოში ბებიების დღე – იდეის ავტორი 3 მიზეზს ასახელებს
კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა საკუთარი მოსაზრებები განმარტეს.
ჯანდაცვის კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის რეგლამენტთან შეუსაბამობის გამო არ გაითვალისწინა. როგორც სხდომაზე განმარტეს, მოცემული წინადადება არ პასუხობს აღნიშნული ნორმით დადგენილ მოთხოვნას, რადგან ავტორი არ ითხოვს კანონში ცვლილებას.
„სანამ კომიტეტის სხდომა დაიწყებოდა, ჟურნალისტმა მკითხა, ბებიის დღეს აწესებთ თუ არაო. ჩემი პასუხი ასეთი იყო, ცხოვრებაში ქალზე წინ არავინ დამიყენებია. ქალის დამსახურებას ვერასოდეს შევადარებ კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა, ვინც აქ ვართ, დედის მოვლენილი ვართ. ახლა ბებია ვინ არის? მე რას ვფიქრობ, ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა. ჩვენ 3 მარტს დედის დღე გვაქვს.
რაც შეეხება ბებიის დღის დაწესებასთან დაკავშირებით შემოსულ ინიციატივას. მოცემული წინადადება ნორმით დადგენილ მოთხოვნას არ პასუხობს, რადგან ავტორი კანონში ცვლილებას არ ითხოვს, ამიტომ, მიუხედავად ავტორის გულწრფელობისა, ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე ვერ ამოვიყვანთ. ისე, მივესალმები, ყველა დედას, ყველა ბებიას მხარდაჭერა სჭირდება. დედა, ბებია ერთი და იგივე სახელის უმაღლეს დონეზე ხარისხში აყვანაა. ყოველთვის დავუჭერ მხარს დედებსა და ბებიებს, თუმცა, საკანონმდებლო მხარდაჭერა ჩვენგან უარყოფილია“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, მას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე განხილვა სწორად არ მიაჩნია:
„ღმერთმა ყველგადნ ვერ ვიქნებიო და ამიტომ დედა და ბებია გააჩინა. ცხოვრებაში თუკი რამ კარგი მახსოვს, ბებიისგან მახსოვს. რომ არ მოგატყუოთ, დილით ძალიან ბევრი ზარი იყო ჩემს ტელეფონზე და ახალგაზრდა ბებიებმა გააპროტესტეს: ჩვენ არ გვინდა განსაკუთრებული ბებიის დღეობაო. მართლა ყველა დღე ბებიის არის და საკანონმდებლო დონეზე ამ საკიტხის განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით კი, მას კონკრეტული თარიღის გამოყენება სწორად არ მიაჩნია:
„ეს თუ სამუშაო დღეს დაემთხვევა, იმ დღეს ბებიას პატივს ვეღარ მიაგებს? ბებიების დიდი ნაწილი ჩვენ სოფელში გვყავს და აქედან გამომდინარე, ისეთი დღე უნდა შეირჩეს, მაგალითად, შაბათი მაინც, რომ მას სოფელში ესტუმრონ.. თუ ეს დღე ორშაბათი იქნება, ბებია ისევ დარჩება ბებიად სოფელში და აქ ვიღაც ღრეობას დახურულ სივრცეში გამართავს“, – განაცხადა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში მოქალაქე მიხეილ სახვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყანაში „ბებიის დღის დაწესების“ ინიციატივით მიმართა.
განცხადებაში ავტორი ქვეყანაში აღნიშნული დღის დაწესების 3 მიზეზს ასახელებს და განმარტავს, რომ ბებიის დღეს 17 სექტემბერს ცნობილი ქართველი მსახიობი ქალის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეზე უნდა დაწესდეს.