LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღია ფანჯრები და გაფუჭებული კონდინციონერები: მარშუტკების უმეტესობაში გაგრილების სისტემას არ რთავენ

16

„თბილისის მიკროავტობუსმა“ მოქალაქეებს აცნობა, რომ 1 ივლისიდან სამარშუტო ტაქსებში მძღოლებს კონდინცირების სისტემის ჩართვის ვალდებულება ექნებოდათ.

ამის უზრუნველსაყოფად კომპანიამ, სამარშუტო ტაქსებში კონდინციონერები შეაკეთა. თუმცა, ამ დროისთვის თბილისში მოძრავი მარშუტკების უმეტესობაში, გაგრილების სისტემა ჩართული არ არის.ამის გამო, სამარშუტო ტაქსებში ან მუდმივად სიცხე და უჰაერობაა ან დაპირისპირება მძღოლებსა და მგზავრებს შორის – რა თქმა უნდა, კონცინციონერების ჩართვაზე…

 

უკმაყოფილო მგზავრები

ღია ფანჯრები და სიცხე მგზავრობისას დიდ დისკომფორტს ქმნის. მღოლები ხან ასრულებენ მგზავრების მოთხოვნას კონდინციონერის ჩართვაზე, ხან არ, ან ვერ.

“რა გახდა ამ პრობლემის მოგვარება. ალბათ სურვილი არ არის და ნება. პირდაპირ გეტყვით: ჩვეულებრივი აფიორა მგონია კომპანიის განცხადებები, რომ ამოწმებენ, მძღოლებს დააჯარიმებენ და ა.შ. დღეს მაგალითად კონდინცირება ჩართული კი იყო, მაგრამ უფრო თბილ ჰაერს უბერავდა და კიდევ უარესი ვითარება იყო. არის შემთხვევები, როდესაც მძღოლები დაბალ სიმძლავრეზე რთავენ კონდიციონერს ან უბრალოდ ვენტილატორს. მძღოლს გინდა შეღავათი მიეცი, გინდ ოქროს მთებს დაპირდი, ის მაინც შეეცდება ნაკლები დანახარჯით იმოძრაოს. აქ გამოსავალი სხვა რამეში უნდა ეძებონ”, – განაცხადა “ფორტუნასთან” მგზავრმა, რომელიც დღეში რამდენჯერმე სარგებლობს სამარშუტო ტაქსებით.

ზოგიერთი მათგანი ამბობს,ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, გაგრილების სისტემის ჩართვას აღარც ითხოვს… ისინი კომპანიისგან ითხოვენ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგან.

„სამსახურში მისულს ენერგია უკვე მთლიანად გამოცლილი მაქვს, იმის გამო, რომ ამ სიცხეში ვდგავარ თითქმის ერთი საათი ვიწრო და გადაჭედილ ტრანსპორტში, სადაც სიცხე და უჰაერობაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მართლა ვხედავ, როცა კონდინციონერს რთავენ ის ძალიან ცუდად მუშაობს და თან ტრანსპორტის გადაადგილებასაც აფერხებს“, – განაცხადა ჩვენთან ერთ-ერთმა მგზავრმა.

მსგავსი შინაარსის განცხადებები იდება “თბილისის მიკროავტობუსის “ფეისბუქ გვერდზეც.

“350 მარშუტკიდან 228 – ს კონდინცირების სისტემა ჩართული აქვს”

იმას, რომ სამარშუტო ტაქსებში გაგრილების სისტემა ჩართული იყოს, ორი მონიტორინგის ჯგუფი აკონტროლებს, ამასთან მოქმედებს თბილისის მიკროავტობუსის ცხელი ხაზი.

კომპანიის თქმით, კონდინციონერების გათიშვის გამო, დღეში 3-4 მძღოლი ჯარიმდება, თუმცა ფაქტია რომ ეს შედეგს არ იძლევა.

სამარშუტო ტაქსების ნაწილში გაგრილების სისტემა კვლავ გაფუჭებულია, ახლა უკვე მისი შეკეთების ვალდებულება არა კომპანიას, არამედ მძღოლს აქვს.

„ჩვენ უკვე შევაკეთეთ ყველა სამარშუტო ტაქსის გაგრილების სისტემა, ახლა უკვე მძღოლებს აქვთ ვალდებულება მისი შეკეთების. თუ მცირე ხარჯებია, მას თავად მძღოლი დაფარავს თუ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული შეკეთება, მაშინ კომპანია აიღებს რემონტის ხარჯებს თავის თავზე“, – განაცხადეს „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურში.

“ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, რომ 18 ივნისს მონიტორინგის ჯგუფმა 31 გრძელ მარშრუტზე მოძრავი 350 მანქანა შეამოწმეს, სიდანაც 228 მარშუტკაში გაგრილების სისტემა ჩართული იყო.

“მონიტორინგის ჯგუფი ყოველდღიურად ამოწმებს მიკროავტობუსებს. კონტროლი არ ხდება მხოლოდ წვიმიან და გრილ ამინდებში”, – განაცხადეს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

ფორმალურად მარშუტკებს აკონტროლებენ, მძღოლებს აჯარიმებენ, თუმცა ფაქტია, რომ თბილისში მოძრავ სამარშუტო ტაქსების უმეტესობაში კონდინციონერი არ ფუნქციონირებს. პრობლემის გადაწყვეტის სხვა ხერხებს კი არც „თბილისის მიკროავტობუსში“ და არც სატრანსპორტო კომპანიაში მიმართავენ.