LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ღამის სერენადები” თბილისური კონცერტებით დასრულდა

1078
ღამის-სერენადები-ფოტო

ბათუმი-თბილისის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისური კონცერტებით დასრულდა.

დამსწრე საზოგადოებას  ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ სიტყვით მიმართა:

„წელს ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ იუბილარია. მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ ის 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში. მას შემდეგ 40 წელი გავიდა.

განვლილი ათწლეულების მანძილზე ფესტივალი საქართველოს უახლესი კულტურული ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა და კვლავაც აგრძელებს მრავალრიცხოვანი ერთგული გულშემატკივრის გახარებას თავისი ნოვატორობითა და მრავალფეროვნებით.

მინდა მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი მის დამფუძნებელს, ლიანა ისაკაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა ფესტივალის მაღალ მხატვრულ დონეზე ჩატარებისთვის.

ამჯერად საიუბილეო ფესტივალს სტუმრობდნენ კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები: იტალიიდან – პიანისტი გლორია კამპანერი, რომელიც დასახელებულია ევროპის ელჩად კულტურის საკითხებში, ცნობილი კლარნეტისტი ალესანდრო კარბონარე და ვარსკვლავი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი; საფრანგეთიდან – ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული მევიოლინე ანდრეს გაბეტა; გერმანიიდან – მსოფლიოში ცნობილი კლარნეტისტი საბინე გროფმაიერი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი – თანამდეროევობის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი  ქეითი მაჰანი.

ბათუმის საკონცერტო საღამოებზე პიანისტმა ქეითი მაჰანმა წარმოადგინა პროექტი – „ზალცბურგიდან ბრუკლინამდე“ და დაუვიწყარი საღამო აჩუქა კლარნეტისტმა საბინე გროფმაიერმა მრავალფეროვანი და საინტერესო მუსიკალური პროგრამით.

რაც შეეხება თბილისს, პირველ საკონცერტო საღამოზე წარმოდგენილი იყო პროექტი „ასტორი“, რომელიც მიეძღვნა იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს, ხოლო დასკვნითი კონცერტი – საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს.

ფესტივალის ყველა მონაწილესა და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს უსაზღვრო ემოციებითა და სიხარულით დამუხტული კონცერტები ვაჩუქეთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალის მოწვევით საქართველოს პირველად სტუმრობდა მსოფლიოში სახელგანთქმული მწერალი და მუსიკის კრიტიკოსი ალესანდრო ბარიკო, რომელმაც სატელევიზიო ინტერვიუში თბილისურ კონცერტს უმაღლესი შეფასება მიანიჭა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალის დირექტორს ნინა ცაგარელს, საორგანიზაციო გუნდის წევრებს, წლევანდელ ფესტივალში მონაწილე ყველა მუსიკოსს, ფესტივალის მხარდამჭერი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო ორგანიზაციებსა და მედია პარტნიორებს.“

ენრიკო ვალვო, იტალიის ელჩი საქართველოში:

„ჩემთვის დიდი პატივია კვლავ მივმართო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის „ღამის სერენადები“ ერთგულ მსმენელს.

ფესტივალი ტრადიციულად გვთავაზობს კონცერტებს ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით. იტალიის საელჩო თბილისში სიამოვნებით უჭერს მხარს იტალიელ პიანისტ გლორია კამპანერს და სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის ორკესტრის მთავარ კლარნეტისტ ალესანდრო კარბონარეს, რომლებიც მსმენელის წინაშე წარდგნენ თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო იტალიელ ბანდონეონისტ მარიო სტეფანო პოეტროდარკისთან ერთად და შეასრულეს ასტორ პიაცოლას უკვდავი მელოდიები საკუთარი ინტერპრეტაციით.

ვუსურვებ ფესტივალის მონაწილეებს უდიდეს წარმატებას, ხოლო მსმენელებს კი ‒ კონცერტებისგან მიღებული დაუვიწყარი სიამოვნებით დიდხანს ტკბობას.“

დიეგო კოლასი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში:

„საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სახელით მსურს გულწრფელად მივულოცო შესანიშნავი და უაღრესად პრესტიჟული ფესტივალის „ღამის სერენადების“ დამაარსებლებსა და ორგანიზატორებს. დიდი პატივითა და სიამაყით ვუერთებით წლევანდელი ფესტივალის პარტნიორთა ვრცელ სიას.

ფესტივალი „ღამის სერენადები“  უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან იგი ემსახურება კლასიკური მუსიკის მრავალსაუკუნოვანი ჟანრის შენარჩუნებასა და განვითარებას. ფესტივალი ნამდვილი ასპარეზი გახლავთ ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რომლებიც შესაძლებელია  უახლოეს მომავალში უკვე დიდ გენიოსებად მოგვევლინონ. მართლაც, ფესტივალმა მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, არაერთ ასეთ მუსიკოსს უმასპინძლა. ვუსურვოთ წელს მონაწილე ხელოვანებს  წარმატებული და ბრწყინვალე კარიერა, რათა ისინი მუდმივად იყვნენ ხელოვნებისა და მშვენიერების სადარაჯოზე.

განსაკუთრებული მადლობა ფესტივალის დამაარსებელს, ცნობილ ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს , ფესტივალის დირექტორს, ქალბატონ ნინა ცაგარელს და საოცარ გუნდს, რომელთა დაუღალავი შრომის წყალობით შესაძლებელი ხდება ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალის ჩატარება.“

ფესტივალის საკონცერტო საღამოები 17 და 18  სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.

ბათუმი-თბილისის  XIV საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ თბილისურ კონცერტებში მონაწილეობა მიიღეს კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებმა.

17 სექტემბერს მსმენელის წინაშე წარდგა ტრიო გლორია კამპანერის (ფორტეპიანო), ალესანდრო კარბონარესა (კლარნეტი) და მარიო სტეფანო პიეტროდარკის (ბანდონეონი) შემადგენლობით. მათ წარმოადგინეს კონცერტი „ასტორი“ და მისი საკონცერტო პროგრამა ასტორ პიაცოლას ნაწარმოებებს აერთიანებდა. კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს მიეძღვნა.

18 სექტემბერს ფესტივალის დასკვნით კონცერტში მონაწილეობდნენ მევიოლინე ანდრეს გაბეტა და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“. საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იყო ჰენრი პერსელის „ტიმონ ათენელი“ – უვერტიურა;  ანტონიო ვივალდის სავიოლინო კონცერტი მი მაჟორი „გაზაფხული“,  RV 269; სავიოლინო კონცერტი სოლ მინორი „ზაფხული“, RV 315; სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი “Grosso Mogul”, RV 208; სავიოლინო კონცერტი ფა მაჟორი „შემოდგომა“, RV 293; სავიოლინო კონცერტი ფა მინორი „ზამთარი“, RV 297; სავიოლინო კონცერტი  დო მაჟორი, RV 190. ასტორ პიაცოლა Otoño porteño (შემოდგომა) ციკლიდან „ბუენოს-აირესის წელიწადის დრონი“.

ორივე კონცერტში მონაწილე მუსიკოსები დამსწრე საზოგადოებამ მქუხარე აპლოდისმენტებითა და ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა.

ფესტივალის ,,ღამის სერენადები“ 25- 26 აგვისტოს ბათუმში ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში ჩატარდა. კონცერტებში მონაწილეობა მიიღეს წარმოშობით ამერიკელმა და ავსტრიაში მოღვაწე ინოვატორმა პიანისტმა ქეითი მაჰანმა, სახელგანთქმულმა გერმანელმა კლარნეტისტმა საბინე გროფმაიერმა და ფესტივალის საბაზო ორკესტრმა ,,საქართველოს ვირტუოზები“.

„ღამის სერენადების“ ფარგლებში ბათუმსა და თბილისში ჩატარდა მასტერკლასები, გამოფენები, ლიანა ისაკაძის წიგნის პრეზენტაცია.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ისაკაძე, დირექტორი  – ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტალიანსი“.

ფესტივალის მხარდამჭერები: ქ.თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო, საფრანგეთის საელჩო, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველი კომპანია „არდი“, ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

პარტნიორები:  ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“,პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“,  კომპანია სარაჯიშვილი“, “ხომლის მარანი „მეღვინეობა „თიესვი“, “HOTSALE”-ge პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, პლატფორმა myvideo.ge, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი.

ფოტო: ილია ბაბურაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები