ღამის ეკონომიკის განვითარება თბილისის მერის, კახა კალაძის, წინასაარჩევნო დაპირება იყო. როგორც წინასაარჩევნო პროგრამაშია მითითებული, შემუშავდება ღამის ეკონომიკის კონცეფცია, გარეუბნებისთვის ახალი ფუნქციების მინიჭებას, მიტოვებული სივრცეების ათვისებას, სტარტაპების წახალისებას, ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვას, ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს.
ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს პროდიუსერი და მუსიკოი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს.
როგორ გეგმავს ღამის ეკონომიკის განვითარებას სერგი გვარჯალაძე, ამაზე მან ექსკლუზიურად “ფორტუნასთან” ისაუბრა.
სერგი გვარჯალაძე: ღამის ეკონომიკა გულისხმობს ყველა იმ ბიზნესაქტივობებს, რომელიც იწყება საღამოს 6 საათიდან და გრძელდება დილის 6 საათამდე. ეს არის, მაგალითად, სარესტორნო-კულინარიული სფერო, საკონცერტო დარბაზები, კლუბები, მაგრამ ამავე დროს, მუზეუმები, ისეთი აქტივობები, როგორიც არის, მაგალითად, ღამის ტურები ქალაქში. ანუ ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია ტურიზმთან, კრეატიულ ინდუსტრიასთან და რა საკვირველია, კულტურასთან.
- ვიდრე გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამთ, ალბათ, უკვე გექნებათ სურათი, რა ვითარებაა ამ ეტაპზე ამ მიმართულებებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და შემდეგ უკვე ამის გათვალისწინებით, როგორი იქნება სახელმწიფოს ფუნქცია ღამის ეკონომიკის განვითარებაში?
სერგი გვარჯალაძე: ჩვენ, პრინციპში, ძალიან წარმატებული ბოლო ორი-სამი წელი გვაქვს, განსაკუთრებით საკლუბო სფეროში, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ფაქტობრივად, არ დარჩენილა არც ერთი სერიოზული გამოცემა, რომელმაც ეს არ აღნიშნა. ეს ღამის ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილია, მაგრამ მხოლოდ ეს სფერო არაა, რომელიც შეიძლება, განვითარდეს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბიზნესიდეები. ვფიქრობ, რომ მათ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს. სახელმწიფოს ამ შემთხვევაში კომუნიკაციის ფუნქცია ექნება, კონკრეტულად მცირე და საშუალო ბიზნესთან. ჩემი ფუქციაც ეს იქნება, რომ კომუნიკაცია მქონდეს მათთან და შევისწავლო მათი პრობლემები. შესაბამისად, ის, რაც მერიას შეუძლია გაუკეთოს, ამაში ხელშეწყობა.
- როცა ხელშეწყობაზე ვსაუბრობთ, რა ტიპის ხელშეწყობაზე შეიძლება იყოს საუბარი?
სერგი გვარჯალაძე: აი, კონკრეტულად, ასეთი მაგალითი რომ ავიღოთ, თქვენ იცით, რომ ღამე ღონისძიების შემდეგ ცოტა რთულია ტრანსპორტის ამბავი, აუცილებლად გიწევს, ვთქვათ, ტაქსის გამოძახება. არის პრაქტიკა ღამის ავტობუსების, ეს შეიძლება, იყოს სპეციალიზირებული უფასო ტრანსპორტი, ასევე ისეთი უბნების რეგენერაცია-განვითარება, სადაც არც ისეთი ბევრი კულტურული ღონისძიებაა, ანუ ფაქტობრივად, დეცენტრალიზაცია ქალაქის უკვე შემდგარი ცენტრებიდან და ახალი ცენტრების მოძიება. ასეთ შემთხვევაში, იქაც შეიძლება გარკვეული ინფრასტრუქტურული დახმარება დასჭირდეთ, ან გზა არ იყოს მოწესრიგებული, ან ნაგვის გატანა.
- შეიძლება თუ არა განიხილებოდეს გარკვეული პროგრამები ბიზნესის ხელშეწყობისთვის?
სერგი გვარჯალაძე: რასაკვირველია. ჩვენ ამ ეტაპზე დეტალურად ვსწავლობთ სხვა ქალაქების გამოცდილებას, რომლებიც ღამის ეკონომიკაში არიან ჩართულნი. ძალიან ბევრი სხვადსხვა ვერსიაა.
- როცა მათ გამოცდილებას ეცნობით, იქ რა დოზით არის ჩართული ქალაქის მთავრობა ღამის ეკონომიკის ხელშეწყობისთვის?
სერგი გვარჯალაძე: ძირითადი ფუნქცია არის მაინც ინიცირება და მერე საშუალება იმის, რომ ბიზნესმა თავისუფლად იმოქმედოს. ბიზნესი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ინოვაციური, ხოლო სახელმწიფომ უნდა შეუქმნას საშუალება, რომ რაღაც ჩარჩოები შეუქმნას. ასე ვხედავ ამას ამ ეტაპზე.
ჩვენ, რასაკვირველია, გვექნება ჩვენი გამოწვევები. თემატიკა, რასაკვირველია, განსხვავებულია, ვთქვათ, ლონდონს სულ სხვა პრობლემები აქვს და ჩვენ ჩვენი პრობლემები.
- ამ ეტაპზე რა პრობლემებს ხედავთ?
სერგი გვარჯალაძე: აი, მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ნელ-ნელა გვარდება, არის აკუსტიკური დანაგვიანება, ანუ ხმაური, რომლის რეგულაციაც ხდება ახლა, მაგრამ ამავე დროს, ერთ-ერთი უცხოური გამოცდილებიდან გეტყვით, როცა ბერლინში ეს პრობლემა შეიქმნა, ქალაქმა გამოყო ოფიციალურად თანხები კლუბებისთვის, რომ კლუბები აკუსტიკურად დახვეწონ. ეს არის ძალიან სპეციფიური ელემენტები, რომელიც ყველა შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ.
მე მგონია, რომ ჩვენ ჯერ დავიწყებთ ყველა შემთხვევაში კომუნიკაციას, გავერკვევით, რა პერსპექტივები გვაქვს.
- გარდა საკლუბო ცხოვრებისა, რა ახალი მიმართულებები შეიძლება, გაჩნდეს ღამის თბილისში?
სერგი გვარჯალაძე: განსაკუთრებული აქცენტი მინდა, გავაკეთო იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ საკლუბო ცხოვრება, ესაა ყველა ასაკის ადამიანისთვის. მაგალითისთვის მოგიყვანთ, ძალიან ცნობილი ფორმაა და ჩვენთანაც, ალბათ, გაგიგიათ, ბავშვებისთვის „ღამე მუზეუმში“. ეს არის სპეციალურად შექმნილი პროექტი, ბავშვები მიდიან მუზეუმში, ათვალიერებენ და იქვე რჩებიან ღამე, გარკვეული ბავშვური რომანტიკაა ამაში. ეს შეიძლება, იყოს მუზეუმები, ღამის კლუბი, სპეციალური მარშრუტები, რომლებიც ისტორიულ ქალაქში მისტიკურ ამბებთან არის დაკავშირებული. ვფანტაზიორობ, მაგრამ ასეთი ტიპის რაღაცები, რასაკვირველია, საინტერესო იქნება ჩვენი პროექტისთვის.
- რაც შეეხება ფინანსურ უზრუნევლყოფას?
სერგი გვარჯალაძე: როგორც გითხარით, ფინანსურად მერია, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება უბრალოდ გრანტი მივეცით და თქვენ იმუშავეთ. უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რაც შეუძლია მერიას თავისი საშუალებებით მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს, ხოლო ბიზნესმა უნდა მოიზიდოს თანხები, ინოვაციური იყოს იმისათვის, რომ სპონსორებზე, დონორებზე გავიდეს. ანუ, ფაქტობრივად, პლატფორმის შექმნაზეა საუბარი. ხოლო დანარჩენი უკვე დამოკიდებულია ბიზნესზე, რამდენად წარმატებული და ინოვაციური იქნება.
- ინოვაციურობაზე მინდა გკითხოთ, ამ მხრივ უფრო რა აკლია თბილისის ღამის ცხოვრებას?
სერგი გვარჯალაძე: მე მგონია, რომ ძალიან საწყის სტადიაში ვართ. არ დავაკონკრეტებდი იმიტომ, რომ არ იქნებოდა სწორი. მე მგონია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცის საშუალება გვაქვს ამ ეტაპზე იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი საკმაოდ საინტერესოა, არა მხოლოდ ძველი უბნები, საბჭოთა პერიოდის ნაგებობებიც საინტერესოა. არ გამოვყოფდი რაიმე ერთ პრობლემას, სასტარტო პოზიციაზე ვართ, როცა ამაზე დისკუსია შეიძლება და დარმუწნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც გამოიყენებს ამ პლატფორმებს წარმატებულად.