ქალაქში გვაქვს ბევრი ადგილი და შესაძლებლობა, რომ ღამის ეკონომიკის პროექტი განვახორციელოთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ღამის ეკონომიკის პროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. თბილისის მერის თქმით, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
“სერგი გვარჯალაძე არის მენეჯერი, რომელიც დანიშნულია ამ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად. ჩატარებულია კვლევა. მთელი რიგი მიმართულებებია, რომელსაც ღამის ეკონომიკა მოიცავს. ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ქალაქში ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი ადგილი, ბევრი შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას, არ ნიშნავს მხოლოდ ღამის კლუბებს. ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ეს არის ახალგაზრდების ჩართულობა, დასაქმება, ხელოვნება, კულტურა და ბევრი მიმართულებაა და მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება მისი განხორციელება. თბილისი არ არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ამ მიმართულებაზე მუშაობს. ჩვენ საუკეთესო მაგალითები გვაქვს, რომ გადმოვიტანოთ და განვახორციელოთ”,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.