კანცელარიის პიკეტი არ იგეგმება, თუმცა უცვლელი რჩება უკრაინის მხარდასაჭერი აქციის ჩატარების გეგმა.
“დროას” ლიდერმა პარლამენტთან ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ დღის განმავლობაში, პროტესტის ფორმის განვითარებაზე სამსჯელოდ შეხვედრები ექნება საზოგადოებრივ ჯგუფებთან, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან.
„დილის გეგმები შეიცვალა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან ლეგიტიმური, ერთადერთი სწორი მოთხოვნა, რომ ის მთავრობა, რომელიც არცხვენს ჩვენს ქვეყანას, არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არ იბრძვის მშვიდობისთვის და არ არის უკრაინის გვერდზე, ის არ უნდა წარმოგვადგენდეს ჩვენ.
ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის ქმედითი დახმარება და ასევე, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რომ ევროკავშირში მოვითხოვოთ წევრობა. ჩვენ, ასევე, აქციების პარალელურად, გვექნება საზოგადოების ჯგუფებთან შეხვედრები, დღის განმავლობაში, იმ ახალგაზრდების ჯგუფებთან, რომლებიც მოდიან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი არ არის არცერთი პარტიის. ამ პროტესტის ფორმებზე, შინაარსზეც, შემართებაზეც, ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს ჩართულობა, ამიტომ აბსოლუტურად ყველას, ყველა მოქალაქეს, რომელიც არის დღეს ნამდვილად ძალიან გაბრაზებული, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, რომ ერთად წარვმართოთ ეს პროცესი“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, გუშინ საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციაზე “დროას” ლიდერმა აღნიშნა, რომ დღეს დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებოდნენ და პრემიერ-მინისტრს შენობაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ, თუმცა დღეს აღნიშნული გეგმა შეიცვალა.