ანსაბლ „ჩვენებურების“ ერთ-ერთი სოლისტი, სოლომონ გოგაშვილი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, „ფეისბუქზე“ კლინიკაში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და ემოციურ ისტორიებს ყვება.
გთავაზობთ სოლომონ გოგაშვილის პოსტს:
„13 დღე.
დადიან. საუბრობენ. მღერიან. speaker- ზე დაყენებული ტელელეფონები არ ითიშება 24 საათი. ნუგეშს თხოვენ შინაურებს.
სიმღერა ძირითადად პატრიოტულია. სიყვარულზეც მღერიან.
(ასაკი + 22)
– შვილო, იმღერე, წაგადგება. არ შეგიძლია სიმღერა?
– ვცდი, ქალბატონო, მარა ეხლა არ შემიძლია.
– ადვილია, სცადე, გამოგივა.
– კარგით. ხვალ ვცდი (გავისტუმრე)
ყველას შიში აქვს თვალებში. ყველა რაღაცა ცუდს უცდის.
ღამე ესაუბრები ადამიანს, ხუმრობ, იცინით. შუაღამისას აპარატზე აერთებენ ამ ადამიანს, მძიმდება…
რამოდენიმე დღის წინ რენტგენზე ჩამიყვანეს 2 სართულით ქვემოთ.
ჩუმად ვუცდიდი. გაიხსნა ლიფტი და ბავშვები, ბავშვები, ბავშვები.
მას მერე ხმა არ ამომიღია ჩემ ჯანმრთელობაზე…
(ძლიერმა სხეულმა და ბიო კვებამ მიხსნა. 10 კაცის დოზა მქონდა ჩაყლაპული ვირუსის).
პ.ს. აიზომეთ სიცხე ყოველ დილა და ნურავის ესტუმრებით სახლში ისე.
ნუ გადაკოცნით ერთმანეთს. ნუ გავწირავთ ერთმანეთს უაზროდ. აუწერელი ამბავი ხდება, ენით აუწერელი.
ნუ იქადაგებთ აცრის უაზრობაზე, რადგან ზოგს გამოხდილი წყალიც აწყნარებს და მთავარი სიმშვიდეა ამ ვირუსის დროს.
მოთმინება და დიიდი სიფრთხილე, ხალხო. ნუ გავწირავთ ადამიანებს სასიკვდილოდ“ – წერს მუსიკოსი.