საქართველოში გერმანიის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ჩამოფრინდა. გერმანიის დგელეგაცია საქართველოში სამდღიანი ოფიცილაური ვიზიტით იმყოფება.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად ესტუმრა.
გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. დაგეგმილია დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.
ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მედიასთან საუბრისას გერმანია-საქართველოს ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“გერმანია არის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის, ჩვენი ევროპული და ევროატალანტიკური ინტეგრაციის. ასევე მნიშვნელოვანია კანცლერ მერკელის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმება,რომელიც თანდათან სრულდება. ჩვენ გერმანიასთან გვაქვს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით,” – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი.
“საუბარია ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობაზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. გერმანიის პრეზიდენტს კონსტიტუციით პოლიტიკური ფუნქციები შეზღუდული აქვს, მაგრამ მას შეუძლია ძალიან კარგი იმპულსების მიცემა გერმანიის ყოველდღიური პოლიტიკისთვის,” – აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.