LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებმაც დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს, ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ

127
Untitled design (1)

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, გერმანია-საქართველოს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება, დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმებს ითვალისწინებს და ამ დროისთვის ეს მექანიზმები ამოქმედებულია.

დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევრო – გერმანიაში სეზონურად დასაქმებული 24 ქართველი უმძიმეს სამუშაო პირობებშია

ნინო ველთაურის განცხადებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წავიდნენ და დაპირებული ანაზღაურება ვერ მიიღეს, ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ. 

ველთაური ამბობს, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება აუცილებლად მოხდება და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხვა დამსაქმებელთან გადავლენ. მისი თქმით, დეტალები გერმანულ მხარესთან დაზუსტდება და ანაზღაურება მაქსიმალურად სამართლიანად მოხდება:

“ჩვენი უფლებამოსილება არის ის, რომ თუკი რაიმე კითხვა ან შეუსაბამობა იქნება სამუშაო ადგილზე, საქმის კურსში ჩავაყენოთ გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო, რომელიც ორშაბათს ჩავაყენეთ საქმის კურსში. 9 მაისს წავიდა ჯგუფი. მოგვწერეს 10 მაისს და 10-შივე შესაბამისი წერილი გავაგზავნეთ. ამ ერთი კვირის განმავლობაში პერიოდულად გავაგზავნეთ რამდენიმე წერილი; იყო სატელეფონო კომუნიკაციაც.

ასევე, ბერლინში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს კომუნიკაცია აქვს როგორც ჩვენს მოქალაქეებთან, ასევე გერმანულ მხარესთან, შრომის სააგენტოსთან. გვქონდა შუალედური პასუხები ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო სამშაბათს მოვიდა საბოლოო პასუხი იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც დამსაქმებელმა უკვე გაატარა ან გეგმავს. მონიტორინგი ჩატარდება იმაზე, რასაც დამსაქმებელი გაატარებს.” – თქვა ველთაურმა.

სააგენტოს დირექტორი იმ დასაქმებულებზეც საუბრობს, რომლებმაც შრომის პირობები დაარღვიეს და ამბობს, რომ ისინი სქემიდან გავიდნენ და ქართული მხარე მათთან კომუნიკაციაში აღარ არის:

“როდესაც დამსაქმებელი ხელს აწერს შრომის პირობებზე, რომელიც უნდა დაიცვას, თუმცა ამ ვალდებულებებს არღვევს, მათ ფედერაცია აჯარიმებს, თუმცა რამდენით და როგორ არ ვიცი.

წინა სამ ჯგუფთანაც ვართ ჩვენ კომუნიკაციაში როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში. სამივე ჯგუფს ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ. თავიდან მეტი კითხვა იყო, მეტი დეტალი აინტერესებდათ, ყველაფერი უცხო იყო მათთვის. ყველანაირი კითხვა ამოვწურეთ, რაც კი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო.” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ დასაქმებულები  დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ; მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ხოლო პირობები, რომელშიც მათ ცხოვრება უწევთ, საგანგაშო და გაუსაძლისია.