მსოფლიოში გავრცელებული მაიმუნის ყვავილის შესახებ, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, ადამიანების ის ნაწილი, რომელიც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით, მაიმუნის ყვავილის მიმართაც იმუნურია:
“განახლებული ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის შესახებ:
დღეისათვის 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული 18 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები).
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამ ახალ ქვეყანაში – ჩეხეთში, სლოვენიასა და ემირატებში – დაფიქსირდა პირველი შემთხვევები.
მხოლოდ გუშინ ბრიტანეთში 14 ახალი პაციენტი დაარეგისტრირეს და საერთო რაოდენობამ 71 შეადგინა.
გერმანიამ შეუკვეთა 40000 დოზა ყვავილის ვაქცინა, რომელიც ასევე ეფექტურია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ. აშშ-ში მილიონობით დოზის მარაგი შექმნეს.
რამდენიმე დღის წინ FDA ყვავილის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატის ინტრავენური ფორმა დაამტკიცა. ამ პრეპარატის პერორალური ფორმა რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად ინტრავენური ფორმა შეიქმნა იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეეძლება.
ადამიანთა ის ნაწილი, ვინც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია მაიმუნის ყვავილის მიმართაც.
გასულ წლებში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის და ანტივირუსული მედიკამენტების დარეგისტრირების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ყვავილის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, არსებობა იყო.
2019 წელს უშუალოდ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაც დარეგისტრირდა”, – წერს ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.