სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუას, რომელსაც არაერთი დანაშაული ბრალდება, საქართველოში დღეს ჩამოიყვანენ.
როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გასამართლებული და ძებნილი ჭაკუა საქართველოს გერმანიამ გადასცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ოფიციალურ განცხადებას დღეს გაავრცელებს.
2006 წლის 27 მარტს ციხის ბუნტის პროვოცირებისა და შემდგომ მისი ჩახშობით მოტივირებულ სპეცოპერაციას შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. აღნიშნულ საქმეზე 2013 წლის 28 ოქტომბერს ბაჩო ახალაიას, დავით ჭაკუასა და სხვა ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით და 9 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
დავით ჭაკუა სხვა გამხურებულ საქმეების ფიგურანტიც არის. მას ბრალი ასევე ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.
დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.