როდის დასრულდება პანდემია? – ეს არის ის კითხვა, რაზეც პანდემიის დაწყების დღიდან, ეპიდემიოლოგებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს სხვადასხვაგვარი პასუხი აქვთ.
ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგი კისტიან დროსტენი კი მიიჩნევს, რომ პანდემიის დამარცხება შესაძლებელია 2022 წელს მოხდეს.
შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ უკვე 2022 წელს გერმანია შეძლებს, დაუბრუნდეს იმ ცხოვრებას, რომელიც კოვიდპანდემიამდე იყო.
თუმცა როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს, წამყვანი გერმანელი ვირუსოლოგი მომავალი წლის ზამთარში შემთხვევების ზრდას კვლავ ელოდება.
“ალბათ ისევ მოგვიწევს ნიღბების ტარება დახურულ სივრცეში, რადგან იმუნიტეტი კვლავ ოდნავ დაქვეითდება და მოსახლეობის დაუცველი ფენების დაცვა კვლავ დაგჭირდებათ”, – თქვა დროსტენმა.
ამასთან, ვირუსოლოგი ფიქრობს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში კოვიდ-19 გერმანიაში ენდემურ ფაზაში შევა და პანდემიის დასრულების გამოცხადებაც შესაძლებელი იქნება:
“ვაქცინაციის წყალობით, ამ გზის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე გავლილია და ახლა ქვეყანამ ეს გზა (პანდემია) უნდა დაასრულოს”, – განუცხადა მეცნიერმა გუშინ Tagesspiegel-ს.
დროსტენის განმარტებით, მოსახლეობის მოზრდილ ნაწილში, კოვიდის მიმართ იმუნიტეტი სწორი მიმართულებით ვითარდება – “საზოგადოებას უყალიბდება იმუნიტეტი და ინარჩუნებს მას”, – აღნიშნავს ვირუსოლოგი.
მისივე განცხადებით, ალტერნატივა არ აქვს იმ ფაქტს, რომ კოვიდ-19-ით ადრე თუ გვიან ყველა დაინფიცირდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ვაქცინირებული.
კრისტიან დროსტენი ფიქრობს, რომ გერმანიისთვის, სადაც მრავალი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გზაა.
ამასთან, როგორც ვირუსოლოგი ვარაუდობს, შესაძლებელი იქნება ვაქცინა დამზადდეს სპრეის სახით და ეს იქნება ბევრად ეფექტიანი გზა ინფექციისგან თავის დასაცავად.