1952 წელს დასავლეთ გერმანიის ხელმძღვანელობამ ავტობანებზე მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა გააუქმა და საბოლოო არჩევანი კონკრეტული რეგიონების ხელმძღვანელებს მიანდო. ულიმიტო სიჩქარის მქონე მაგისტრალები გერმანიაში დღესაც მრავლადაა, თუმცა ახალი გამოკითხვა ადასტურებს, რომ გერმანელთა უმრავლესობას ამ წესის შეცვლა სურს. თანაც საქმე არა უსაფრთხოებას, არამედ გარემოზე ზრუნვას შეეხება.
გამოცემა Deutsche Welle-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანელთა 60% ავტობანებზე სიჩქარის შეზღუდვას ემხრობა და მათი არჩევანი მაქსიმალური 130 კმ/სთ-ია. ულიმიტო სიჩქარეს კი ხმა მხოლოდ 38%-მა მისცა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ვისაც სიჩქარის შეზღუდვა სურს, ფორმულა-1-ის ჩემპიონი, გერმანიის მოქალაქე სებასტიან ფეტელიცაა. მთავარი მიზეზი რის გამოც გერმანელებს ჩქაროსნული ლიმიტის შემოღება სურთ, ავარიების რაოდენობის შემცირება და გზებზე უსაფრთხოების გაზრდა არ არის. საქმე ისაა, რომ მაღალი სიჩქარე საწვავის მოხმარებას ზრდის და შესაბამისად მეტ მავნე გამონაბოლქვს გულისხმობს.
დასკვნაში ნათქვამია ისიც, რომ სიჩქარის შეზღუდვით მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა წელიწადში 2 მილიონი ტონით მაინც შემცირდება.