LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways: რუსული საავიაციო ბაზრიდან გაგვაძევეს

68

ქართული ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ ინფორმაციით, ის რუსულმა ავიაკომპანია Pobeda Airlines-მა რუსული საავიაციო ბაზრიდან გააძევა, რაც “ჯორჯიან ეარვეისის” გაკოტრების კიდევ ერთი მცდელობაა.

,,ავიაკომპანია Pobeda Airlines-ს მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის, ყაზანი-თბილისი-ყაზანის, პერმი-თბილისი-პერმისა და ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების უფლება მიენიჭა, რამაც ქართულ ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისს” რუსული საავიაციო ბაზრის დატოვება აიძულა. საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვით რუსული ავიაკომპანია სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ყოველდღიურად, ხოლო სხვა აღნიშნულ მიმართულებებზე ფრენებს კვირაში 2-3 სიხშირით ასრულებს, რამაც Pobeda Airlines-ის მიერ რუსული საავიაციო ბაზრის მონოპოლია გამოიწვია და ქართულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელება შეაწყვეტინა. Pobeda-ს რუსეთის სახელმწიფო აფინანსებს და იგი ავიაკომპანია “აეროფლოტის” შვილობილი ავიაკომპანიაა”, – აცხადებენ ქართულ ავიაკომპანიაში.

მათივე ცნობით, Pobeda Airlines-სთვის შეცვლილი განრიგით ოპერირების უფლების გაცემა, სავარაუდოდ, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მაღალჩინოსანთა პირადი ინტერესების გათვალისწინებით მოხდა, რომლებმაც შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს მთავრობა.

,,შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ოქმით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, Pobeda Airlines-ს როსტოვი-თბილისი-როსტოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. ფრენები ამ მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით სრულდება. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საქართველოს ავიახაზებმა დაკარგა არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელორუსიის, ირანის, თურქეთის, საბერძნეთის და სხვა საავიაციო ბაზრები”, – ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები