LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენადი ბესტაევი საკუთარ სახლში ვერ გადაასვენეს – ის საოკუპაციო მავთულხლართებს შორისაა მოქცეული

133
გენადი 1

ცხინვალის ციხის ყოფილი პატიმარი გენადი ბესტაევი სოფელ ზარდიაანთკარში, საკუთარ სახლში ვერ მიასვენეს. სახლი საოკუპაციო მავთულხლართებს შორის არის მოქცეული, ამიტომ ნათესავებმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მისი ცხედრის სოფელ მერეთში, ბესტაევის დის, ნაირა გუდაძის სახლში დასვენება გადაწყვიტეს.

ოკუპანტების მიერ გატაცებული და ნაწამები გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს. მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.

გენადი ბესტაევი საოკუპაციო ძალების მიერ 5-ჯერ იყო დაკავებული. 2021 წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, ცხინვალის საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოეცა.

ოკუპაციის ხაზთან მდებარე სახლში მისვლისას, გენადი ბესტაევს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებდნენ – საოკუპაციო მავთულხლართი მისი საცხოვრებელი სახლის ეზოშია გავლებული. 2019 წლის ნოემბერში, სახლში მორიგი მისვლისას, ის მეხუთედ დააკავეს. მას, ე.წ. საზღვრის დარღვევასთან ერთად, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებაც წაუყენეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ბესტაევს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა და გათავისუფლებას ელოდა, რადგან ცხინვალის ციხეში გატარებული ერთი დღე პატიმრებს დღე-ნახევრად ეთვლებათ. გენადი ბესტაევს შაბათს, ზარდიაანთკარის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები