LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენადი არველაძე: „შევიმუშავეთ კლასტერული განვითარების პროექტი, რომელიც ქვეყანაში კლასტერული განვითარების შესაძლებლობათა ფართო ხედვას წარმოაჩენს“

114
Untitled design

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხუთწლიანი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 5.1 მლნ ევროს ღირებულების პროგრამა 2019 – 23 წლებში ხორციელდებოდა და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნესკლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

გენადი არველაძემ მისასალმებელ სიტყვაში დადებითად შეაფასა ევროკომისიის რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია გამყარებულია იმ ხელშესახები პროგრესით, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების მანძილზე რეფორმების განხორციელების კარგად გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკით მიაღწია.

გენადი არველაძემ ევროკავშირს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა:

„ჩვენ ვართ იმის მოწმე, თუ როგორ გარდაიქმნა საწყისი ინიციატივები სრულმასშტაბიან პროექტებად კონკრეტული სექტორებისთვის, რაც რეალურად კომპანიებს ეხმარება, სხვადასხვა პარტნიორის მხრიდან აღიარება მიიღონ. ჩვენ გავაანალიზეთ ამ პროგრამის 55-ზე მეტი კლასტერული მიმართულება და დავიწყეთ კლასტერული განვითარება შეფუთვის დიზაინის კუთხით, ნარგავების, ბიოფარმაცევტიკის და საზღვაო თევზჭერის სექტორებში; ასევე ტრენინგების, სახელმძღვანელოებისა და გრანტების მიმართულებით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უზრუნველვყავით.

ჩვენ დავინახეთ სწრაფი და უფრო ძლიერი გამოჯანსაღება კლასტერის წევრებისა პოსტპანდემიურ პერიოდში. გაიზარდა კლასტერის წევრთა რაოდენობა, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი შერჩეულ სექტორებში, რაც კლასტერული მიდგომის პოზიტიურ შედეგებზე მიუთითებს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის თქმითვე, ევროკავშირისა და GIZ-ის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კლასტერული განვითარების პროექტი, რომელიც წარმოაჩენს ქვეყანაში კლასტერული განვითარების შესაძლებლობათა ფართო ხედვას და ასევე, ხაზს უსვამს, რომ კლასტერები წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს უკეთესი თანამშრომლობისთვის, კოორდინაციისა და კონკურენციისთვის კერძო სექტორში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 5.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ხორციელდება. მისი მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები