საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში „მიხეილ მესხზე“ სან მარინოს 21-წლამდე გუნდს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. გია გეგუჩაძისთვის ეს შეხვედრა სადებიუტო იყო ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში და, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმატებული გამოდგა.
სტუმართა კარში გოლების გატანა გიორგი ხარაიშვილმა დაიწყო, რომელმაც მე-10 წუთზე ულამაზესი გოლი შეაგდო. 33-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ თავისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კაჭარავამ დუბლის შესრულება შეძლო, წერტილი კი შეხვედრას შეცვლაზე შესულმა ლევან შენგელიამ დაუსვა – 81-ე წუთზე რომან ჭანტურიას პასით ისარგებლა და ანგარიში 4:0 გახადა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი, ცნობილაძე, აბურჯანია, გოროზია (შენგელია 72), არაბული, კაჭარავა (ჭანტურია 66), თევზაძე, კიტეიშვილი (ფონიავა 80), ხარაიშვილი.
ამ გამარჯვებით 7 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 9 ქულა დაუგროვდა. მომდევნო ტურში ჩვენი ნაკრები 3 ივნისს შვედეთს შეხვდება სტუმრად.
მანამდე კი, 28 მარტს გია გეგუჩაძის გუნდი მორიგ მატჩს გამართავს. ზესტაფონში, ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინას უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.