LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზზე მომუშავე მანქანის მძღოლებს ორი თვე რჩებათ – რა შემთხვევაში გადაურჩებით ჯარიმას

358

გაზზე მომუშავე ყველა მანქანა, 2018 წლის პირველ იანვრამდე, ახალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

კანონის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა  მანქანების უმეტესობას შესაბამისი შემოწმება გავლილი არ აქვს.

შპს „აირბალონი“ ერთადერთი აკრედიტირებული ცენტრია ამ დროისთვის, რომელიც  გაზზე მომუშავე მანქანების უსაფრთხოებას ამოწმებს და შესაბამის საბუთსაც იძლევა, რომლის გარეშეც ყველა მძღოლი დაჯარიმდება.

კანონის ამოქმედების თარიღი ახლოვდება, თუმცა ცენტრში დიდი აქტიურობა არ არის.

„ველოდებოდი, რომ დღეში 20-25 მანქანას მივიღებდით, თუმცა დღეში 5–დან 8 მანქანამდე ვემსახურებით. ყველა ერთ აზრზეა – დეკემბერში მოვალთო. დეკემბერში კატასტროფა გველოდება ალბათ“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ ნონა ქართველიშვილმა.

ქართველიშვილის თქმით, ამ საბუთის გარეშე, ვერც ერთი გაზზე მომუშავე მანქანა ტექ.დათვალიერებას ვერ გაივლის.

„როცა იცი რომ იწყება დიდი ტექ.დათვალიერება და არ არსებობს, ვერ გახვალი ამის გარეშე, რატომ უნდა გადადო შემოწმება ბოლო დღემდე?”, – ამბობს ნონა ქართველიშვილი.

აკრედიტებულ ცენტრში მისვლისას, მოწმდება გაზის ბალონის მდგომარეობა და მძღოლს აძლევენ რეკომენდაციებს თუ რისი გაკეთება არის საჭირო. ამასთან, ცენტრთან არსებულ ე.წ. ბოქსში შესაძლებელია ყველა მომსახურების მიღება.

სურვილის შემთხვევაში მძღოლს შეუძლია, სტანდარტების შესაბამისად, გაზის ბალონი სხვა კომპანიაში დააყენოს და შემდეგ კვლავ “აირბალონს” მიმართოს საბუთის მისაღებად.

 

როგორია ახალი სტანდარტებით დამონტაჟებული გაზის ბალონი:

  1. ბალონი უნდა იყოს ვადიანი.
  2. სალტეები (რითაც ბალონია შეკრული) უნდა იყოს რეზინის სარჩულით.
  3. გაზის ბალონის დამტენი გარეთ უნდა იყოს გატანილი და გოფრირებულ შლანგში ჩასმული (ამ პროცედურას 15-20 წთ სჭირდება)
  4. ბალონი უნდა გასუფთავდეს ზეთისგან და ტექნიკური ნარჩენებისგან, ასევე დაიტესტოს წყლით (იხსნება, ირეცხება და იტვირთება წყლით 300 ატმოსფეროზე – ეს მომსახურება ფასში შედის)

ამასთან აუცილებელია, რომ ავტომობილში მძღოლს, ცეცხლმაქრი ჰქონდეს.

ამ პროცედურების გავლის ან დაკმაყოფილების შემდეგ, ცენტრში საბუთს და ლოგოს უპრობლემოდ იძლევიან.

შემოწმების გავლა და საბუთის მიღება 130 ლარი ღირს.

ერთ-ერთ ცენტრში, სადაც გაზის ბალონებს ამონტაჟებენ, ამბობენ, რომ ბოლო დროს დამონტაჟებულ ბალონებსაც კი გადაკეთება სჭირდება, რაც დაახლოებით 70 ლარი ჯდება.

“დამტენის გარეთ გასატანად, უნდა გაიხვრიტოს იატაკი და ამას ბევრი ერიდება. არავის არ უნდა რომ იატაკი გახვრიტოს. არ ვიცი რა იქნება. ჩვენ შეგვიძლია საბუთებამდე გავამზადოთ მანქანა”, – განუცხადეს მომხმარებელს ლოვატოში.

 

“უსაფრთხოებისთვის ღირს ამ თანხის გადახდა, თუმცა არის პრობლემები”

“ფორტუნა” ესაუბრა მძღოლებსაც, რომლებსაც მანქანებში გაზის ბალონები აქვთ ჩამონტაჟებული. ერთ-ერთი მათგანი ალეკოა, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული პროცედურა საკმაოდ ძვირია, თუმცა თუ ეს მძღოლისა დ მგზავრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამად უღირს.

“რა თქმა უნდა, ჯობდა რომ როდესაც დავაყენეთ და გადავიხადეთ ამ მომსახურებაში რაღაც საფასური, მაშინ ყოფილიყო სტანდარტები და დაეყენებინათ ისე, როგორც საჭიროა. თუმცა, ისედაც ბომბზე ვზივართ, ამიტომ მე უკვე დავიწყე ამ საკითხზე ზრუნვა”, – განაცხადა ალეკომ.

კიდევ ერთი მძღოლი სანდრო, “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ამ ვადის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

სანდრო ფიქრობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მძღოლების ინფორმირებულობაში, გაზგასამართი სადგურებიც უნდა ჩაერთოს.

რაც შეეხება თავად პროცესს, ის ამბობს, რომ ეშინია ამ ყველაფერმა მანქანა არ დაუზიანოს.

“ვიცი, რომ შემოწმების გავლა აუცილებელია, თუმცა მართლა არ ვიცოდი, რომ ეს ვადა 2018 წლის პირველ იანვრამდე იყო. ბევრი კითხვა მაქვს, ბალონი “ლოვატოში” დავამონტაჟე, მეხუთე თაობისაა და ოთხწლიანი გარანტია აქვს. ახლა დამატებით 70 ლარის გადახდა მომიწევს. გაეკეთებინათ თავიდანვე გარეთ დამტენი”, – განაცხადა სანდრომ.

კანონის ამოქმედების თარიღი ახლოვდება და თუ გაზზე მომუშავე მძღოლები ამ პერიოდში საბუთის მიღებას ვერ მოასწრებენ, მათ მანქანების გაჩერება მოუწევთ.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები