LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის ტარიფის შესანარჩუნებლად სუბსიდირება სახელმწიფომ მოახდინა

collage

ბუნებრივი გაზის ტარიფის შესანარჩუნებლად სუბსიდირება ნავთობის და გაზის კორპორაციამ გააკეთა, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა.

„მთავარი კომპონენტი, რამაც შესაძლებლობა მოგვცა სამომხმარებლო ტარიფები შეგვენარჩუნებინა, არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სოციალური გაზის ფასი, რომელიც მოქმედ ტარიფში იყო გათვალისწინებული, 105 დოლარიდან თბილისის შემთხვევაში, შემცირდა 103,7 დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე და „სოკარ ჯორჯია გაზის” და „საქორგაზის” შემთხვევაში 92.25 დოლარამდე შემცირდა 1000 კუბურ მეტრზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ წერილში ცალსახად არის მითითებული, ამ ხარჯს თავის თავზე იღებს სახელმწიფო კომპანია – ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ეს არ ხდება აზერბაიჯანული კომპანიის ხარჯზე“, – განაცხადა მილორავამ.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა დაუჯდება სუბსიდირება სახელმწიფოს. „სამწუხაროდ, არ გვაქვს ინფორმაცია, რა უჯდება ეს ხარჯი კომპანიას. ეს არის სოციალური პოლიტიკის შედეგი, რაც საქართველოს მთავრობამ გაატარა და ასეთი სუბსიდირებით შეინარჩუნა სამომხმარებლო ტარიფი. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ განაწილების ტარიფი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია განაწილების ლიცენზიანტებისთვის, სადაც არის ასახული პრაქტიკულად ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხარჯი – ხელფასები, სარემონტო ხარჯები და ა.შ. გაზრდლია, კომპანიების შემოსავლები გაზრდილია, რომ მათ შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა და გაზის მიწოდება რეგიონებისთვის. რაც შეეხება “ყაზტრანსგაზს”, აქ განაწილების ტარიფი შემცირებულია, რადგან არ არის განხორციელებული იმ მოცულობის ინვესტიცია, რაც “სოკარ ჯორჯია გაზის” და “საქორგაზის” შემთხვევაში და რაც არის გაკეთებული, ისიც გაკეთდა მომხმარებლებისგან მიღებული თანხით და არ ექვემდებარება ტარიფში ასახვას. ასევე „ყაზტრანსგაზ- თბილისში“ შევამცირეთ ბუნებრივი გაზის დანაკარგების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად უნდა მცირდებოდეს წლიდან წლამდე“, – განაცხადა მილორავამ.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.

სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება. ამ გადაწყვეტილებამ საშუალება მისცა სემეკ-ს, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩეს და მცირედი შემცირებაც მოხდეს. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ იქნა მიღებული ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. იყო გარკვეული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო და ამას საფუძვლად ედო თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო, კერძო კომპანიები ახორციელებენ საქართველოს გაზიფიცირების მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა გზა, რომ ეს ინვესტიცია არ აისახოს ტარიფში, არ დააწვეს მოსახლეობას და ეს მთლიანად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით. ეს გადაწყვეტილება მთლიანად მოხერხდა იმის გამო, რომ მთავრობა ახდენს ტარიფის მოსალოდნელი ზრდის სრულად სუბსიდირებას. აქ მხოლოდ მთავრობა მონაწილეობს და ეს რესურსი მიდის არა ბიუჯეტიდან, არამედ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიიდან. რომელიმე სხვა მონაწილე, თუნდაც კერძო კომპანია ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობს”, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეგიონებსა და თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები