დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილები დაკრძალეს. ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო ციცვიძე ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
მანამდე ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ. უწმინდესმა სრულიად საქართველოს გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცვა სთხოვა.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა.
მომხდარი აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი დააკავა. დაკავებულებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.