“გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი ვერ უთხრა სააკაშვილს, რომელიც იქიდან დაუმორჩილებლობას ითხოვდა და შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, იმისთვის, რომ არც დაუმორჩილებლობა გაემოეცხადებინათ და არც რადიკალურად გამიჯვნოდნენ სააკაშვილის ამ მოწოდებას,” – ამის შესახებ “ფორტუნასთან” პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ კვირას რუსთაველზე დაგეგმილი აქცია მრავალრიცხოვანი იქნება, მაგრამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, რადგან ოპოზიციას პერმანენტული აქციების გამართვის რესურსი არ აქვს. თუმცა, როგორც ვახტანგ ძაბირაძე “ფორტუნასთან” განმარტავს, ეს დამოკიდებული იქნება ხელისუფლების სიმშვიდეზეც.
“შესაძლოა, სხვა პარტიებშიც იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, მაგრამ აქციასთან შეერთებაზე არ იქნება საუბარი. “რესპუბლიკურმა პარტიამ” რამდენადაც ვიცი, განაცხადა, რომ არ უერთდებიან და არ მგონია “ევროპული საქართველო” შეუერთდეს. ეს იქნება გაერთიანებული ოპოზიციის, ანუ “ნაციონალური მოძრაობის” აქცია, შექმნილი ვითარებიდან გამომდიანრე, ალბათ, მრავალრიცხოვანი, მაგრამ მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ პერმანენტული აქციები გამართონ. რომც გაგრძელდეს, მალევე მინელდება, თუ მთავრობა იმოქმედებს ადეკვატურად და არ შეზღუდავს მათი გამოხატვის თავისუფლებას. თუ ხელისუფლებამ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს ამ აქციას სხვა რელსებზე გადაიყვანს.
ერთ კვირიანი აქციით ხელისუფლებას ვერ აიძულებ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მას შეუძლია დაეყრდნოს “ნაციონალების” გამოცდილებას, როცა რუსთაველზე კარვების ქალაქი 3 თვე იყო გაშლილი, მაგრამ მაშინდელი ოპოზიცია ბოლოს დაიშალა,” – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
თუმცა, პოლიტოლოგი აქვე აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციები ქვეყანაში სხვა დროსაც იქნება და გაზაფხულისთვის მოვლენები შეიძლება, სხვაგვარად განვითარდეს.
“ხელისუფლებას უამრავი ვალდებულება აქვს. მან ხმები კი მიიღო, მაგრამ ეს არ არის მისი ხმები, ეს არის “ნაციონალების” წინააღმდეგ მიღებული ხმები, ამიტომ ის იძულებულია რაღაც ნაბჯები გადადგას, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული აქციები გაზაფხულზე დაიწყება თუ არა,” – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.