ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ანგიოქირურგი ვახტანგ ტატიშვილი და რადიოლოგი მარინა სახელაშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც ვენების პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე, საყურადღებო სიმპტომებზე, კვლევის და მკურნალობის ძირითად მეთოდებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრეს და მსმენელს არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაუზიარეს.
ბატონო ვახტანგ, რამდენად აქტიურდება ვენების პრობლემა გაზაფხულზე, ვენებთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოიხატება თუ არა სეზონურობა და რა სიმპტომები არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ?
ვახტანგ ტატიშვილი: გაზაფხული, როგორც ასეთი, იმის პირდაპირ ჩვენებას არ წარმოადგენს, რომ ეს დაავადება აუცილებლად უნდა გააქტიურდეს, თუმცა ამ პრობლემას სეზონურობა ახასიათებს და ის განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება.
ვენური უკმარისობა გამოიხატება ფეხებში სიმძიმის შეგრძნებით, დაღლილობის შეგრძნებით, ფეხების შეშუპებით. უნდა დააკვირდეთ ფეხებს, არის თუ არა კაპილარული დაზიანებები, ვარიკოზული ვენები. ამ გამოვლინებების შემთხვევაში, დროულად მიმართეთ ექიმს.
ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურია ეს დაავადება, რადგან სიცხეში ფართოვდება ვენური სისხლ-ძარღვები, რაც იწვევს უფრო მეტ დისკომფორტს, ვიდრე ეს არის სხვა პერიოდში.
შესაძლოა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ერთიანად არ იჩენდეს თავს და ვენების პრობლემები ერთი კონკრეტული სიმპტომით ვლინდებოდეს? ადამიანები ყველაზე მეტად მაინც შესივებული ფეხების სინდრომზე ღელავენ, უნდა მივმართოთ თუ არა ექიმს აღნიშნული სიმპტომის შემთხვევაში?
ვახტანგ ტატიშვილი: როგორც წესი, ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ პაციენტებს, რომ მიმართონ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ ერთი სიმპტომი, მაგალითად, ქვემო კიდურების შეშუპებაა. ამ დაავადების თვითნებური მკურნალობა კარგ შედეგებამდე არ მიდის ხოლმე. ეს არის ქრონიკული დაავადება და თვითნებურად ნამკურნალევი ვენური უკმარისობა ხშირად მიდის ხოლმე წყლულამდე, რომელიც საკმაოდ რთული სამკურნალოა და ხშირია ხოლმე, ფლებიტები, ვენური ანთებები, თრომბოზები. ყველას ვურჩევ, რომ დროულად მიმართონ ექიმს.
ქვემო კიდურების შეშუპება კლინიკური მანიფესტაციით საწყისი სტადიაა და ამ დროს უკვე შეიძლება მისი კონტროლი და ჩვენ ისე შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ წლების განმავლობაში არ იჩინოს თავი ამ დაავადებამ და არ შეაწუხოს ადამიანი.
ქალბატონო მარინა, რა სიმპტომების დროს ინიშნება დოპლეროგრაფია და რა ინფორმაციას გვაძლევს ის?
მარინა სახელაშვილი: დოპლეროგრაფია საკმაოდ მაღალეფექტური კვლევაა. აუცილებლად ტარდება დოპლეროგრაფია, თუ პაციენტი აღნიშნავს, ქვემო კიდურების არეში ადვილად დაღლას, სიმძიმის შეგრძნებას, დაბუჟების, სიცივის შეგრძნებას, თუ პაციენტს აქვს მოუსვენარი ფეხის სინდრომი, კუნთებში უნებლიე კრუნჩხვა, ქავილის შეგრძნება და ტკივილები. თუ 200 მეტრიანი მანძილის გავლის შემდეგ, აღნიშნავს წვას და ტკივილის შეგრძნებას წვივის არეში, თუ აქვს შეშუპება ტერფების, კოჭ-წვივის მიდამოში.
დოპლეროგრაფია, ასევე დუპლექს სკანირება არის კვლევის ის მეთოდები, რაც ძალიან კარგად გვაჩვენებს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს, წნევას, მიმართულებას. მათი მეშვეობით, შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რა ხარისხის დაავადებასთან, პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, ასევე შეგვიძლია, ავიღოთ სისხლძარღვის სანათურის დიამეტრი, შევაფასოთ კედლის სისქე, მისი მდგომარეობა, მთლიანობა. დოპლეროგრაფია და დუპლექს სკანირება სხვადასხვა დაავადებების, მაგალითად, ვარიკოზული ვენების, ღრმა ვენური უკმარისობის, ღრმა ვენური თრომბოზის და ა.შ. დიაგნოზის დადგენაში გვეხმარება.
რა ტიპის დაავადებაა ღრმა ვენური უკმარისობა და როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა?
ვახტანგ ტატიშვილი: ვენური უკმარისობის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი დუპლექს სონოგრაფიაა. ამ დროს ჩვენ ვნახულობთ სისხლძარღვის მდგომარეობას, ამ შემთხვევაში, ვენების. არის სტანდარტული ზომები, არის სტანდარტული სახე ამ ვენების, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს, სად უნდა იყოს მისი მიმართულება, რა სიჩქარე უნდა იყოს სისხლის ნაკადის, როგორი უნდა იყოს ვენებში სარქვლების მდგომარეობა. ჩვენ ამ ყველაფრის შეფასების შედეგად, ვიძლევით ხოლმე რეკომენდაციას ოპერაციულ ჩვენებაზე. თუ არის არაოპერაბელური, ჯერ კიდევ ადრეული სტადია, ჩვენ კონსერვატიული მკურნალობით შემოვიფარგლებით. ზუსტად ამიტომ ვთხოვთ პაციენტებს, რომ დროულად მიმართონ ექიმს, რათა ადრეულ ეტაპზე მოხდეს პრობლემის დიაგნოსტირება.
როდესაც ღრმა სტადიებია, ჩვენ ყოველთვის ოპერაციულ მკურნალობას ვურჩევთ ხოლმე პაციენტს.
ახლა უკვე წამყვანი მეთოდია და ყველაზე ხშირად ვიყენებთ ლაზერულ აბლაციას. ამ დროს ხდება ვენის ლაზერული დესტრუქცია. ლაზერული აბლაცია საყოველთაო ჯანდაცვის საფუძველზე უკვე ფინანსდება. ჩვეულებრივ ის 70%-ით ფინანსდება, პენსიონერებში 90%-ით, 100%-ით კი იმ პირებთან, ვისაც სოციალური სტატუსი აქვს. ის თითქმის სრულად ფინანსდება მასწავლებლებშიც. შესაბამისად, დროულად მიმართეთ ექიმს და ნუ შეგეშინდებათ ფინანსური პრობლემების.
ქრონიკული ვენური უკმარისობა საშიში დიაგნოზია?
ვახტანგ ტატიშვილი: პირველ რიგში, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ მწვავე და ქრონიკული ვენური უკმარისობა. მწვავე არის, როდესაც ექიმი ხელს მოგკიდებს და პირდაპირ საოპერაციოში შეგიყვანს, როცა უკვე სხვა გამოსავალი არ არის. ქრონიკული ნიშნავს, რომ ის წლები მიმდინარეობს ჩუმად, აკეთებს თავის ბოროტ საქმეს, აზიანებს სისხლძარღვებს, გარშემო ქსოვილებს, მთლიანად ფეხს…
ხშირად, როდესაც 1 ან 2 სიმპტომით მიმდინარეობს პრობლემა, ამას მოსახლეობა ყურადღება არ აქცევს და ამიტომაც უფრო რთულ შედეგებს ვიღებთ ხოლმე.
რა შეიძლება მოჰყვეს სიმპტომების უგულებელყოფას, ქრონიკული პროცესის გახანგრძლივებას, ექიმთან დროულად არ მისვლას, რა შეიძლება იყოს ქრონიკული ვენური უკმარისობის ყველაზე ცუდი გართულება?
ვახტანგ ტატიშვილი: ქრონიკულ ვენურ უკმარისობას ახასიათებს თავისი სიმპტომები, თავისი მანიფესტაცია. ბოლო სტადიაში ჩვენ გვაქვს ვენური წყლული, რომელიც ძალიან მძიმე პათოლოგიაა და რომლის მკურნალობაც საკმაოდ ძნელია. ხშირად ხდება ხოლმე მისი მცდარი მკურნალობა, პაციენტები მიმართავენ ხოლმე შინაურ მეთოდებს და უკვე დაზიანებული ქსოვილებით მოდიან ჩვენთან, რადგან შინაური, ხალხური მეთოდები ხშირად მართებული არ არის.
დოპლეროგრაფია ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოსტირების ერთადერთი საშუალებაა თუ ამ დიაგნოზის დასმისთვის კომპლექსური კვლევები გვჭირდება?
მარინა სახელაშვილი: დოპლეროგრაფია და დუპლექს სკანირება საკმაოდ მაღალეფექტური, უვნებელი და საკმაოდ დიდი ინფორმაციის მომცემი კვლევებია. ეს არის არაინვაზიური დიაგნოსტიკა, რომელიც სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის ხარისხის შეფასებას გვაძლევს. შესაბამისად, ნამდვილად შესაძლებელია ამ კვლევით დაისვას დიაგნოზი, განისაზღვროს ოპერაციის ხარისხი, განისაზღვროს თუ რა სახის მკურნალობა უნდა დაენიშნოს პაციენტს და ა.შ. ნამდვილად საკმაოდ ეფექტური და მაღალინფორმატიული კვლევაა.
გქონიათ თუ არა პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა, როდესაც სრულიად უსიმპტომო პაციენტს, დოპლეროგრაფიის გაკეთების შედეგად, აღმოაჩნდა პრობლემა?
მარინა სახელაშვილი: ნამდვილად გვქონია და არა ერთი. აუცილებელია, რომ აღნიშნული კვლევა წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ ჭარბწონიანებმა და ადამიანებმა, რომელთაც გენეტიკური მიდრეკილება აქვთ ვენების პრობლემებისკენ.
პროფილაქტიკის მიზნით რა ნაწილის გამოკვლევა ხდება?
მარინა სახელაშვილი: სასურველია ქვემო კიდურების გამოკვლევა, რადგან ადამიანები ძირითადად ქვემო კიდურებში ადვილად დაღლის შეგრძნებას უჩივიან.
გამოკვლევისას პაციენტი არის ან მწოლიარე ან ვერტიკალურად მდგომარე მდგომარეობაში. სასურველია, რომ პაციენტი ვერტიკალურ მდგომარეობაში იდგეს, რადგან კვლევისთვის ასე უკეთესია. ასეთ დროს, უფრო კარგად ჩანს სანათური, სისხლძარღვის სარქვლების მუშაობა.
ნამდვილად ვურჩევ ყველას, რომ აღნიშნული კვლევა ჩაიტარონ.
რას ნიშნავს ვარიკოზული ვენები?
ვახტანგ ტატიშვილი: არის ასეთი დაავადება სარქვლოვანი უკმარისობა, ანუ ვენური უკმარისობა და მისი ერთ-ერთი სახეა ვარიკოზი. ვარიკოზი არის, როდესაც ხდება ვენების დახვევა, ჩახუჭუჭება. ვენები ქაოსურად ეხვევიან და ხდება უკვე მათი ფეხზე გარეგანი გამოვლენა. ვარიკოზული ვენები საკმაოდ საშიშია, რადგან იქ უკვე დარღვეულია სისხლის მიმოქცევა. ვენები ვეღარ ასრულებენ ძირითად ფუნქციას, სისხლის უკუდენას გულში, ეს კი საკმაოდ საშიშია, რადგან ხდება სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სისხლის ნაკადის შემცირება, ამ ნაკადის გადამისამართება, სარქვლოვანი უკმარისობა.
არსებობს თუ არა ერთგვარი კვლევები, მოწოდებული გაიდლაინები, რომლებიც მიგვითითებენ, თუ რომელი და რა ტიპის ადამიანები არიან ვენებთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკჯგუფში?
ვახტანგ ტატიშვილი: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი განსხვავებაა იმაში, თუ რა იწვევს ვარიკოზულ დაავადებას ქალბატონებში და რა – მამაკაცებში. როგორც წესი, აღნიშნული პრობლემა ქალბატონებთან უფრო ხშირად გვხვდება. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული პრობლემის ძირითადი გამომწვევი ქალბატონებში არის ორსულობა.
ორივე სქესის მატარებლებში აუცილებლად უნდა არსებობდეს ვარიკოზული ვენის გენი, ანუ გენეტიკური წინასწარგანწყობა, მაგრამ ამ გენის გააქტიურებას ქალბატონებში, როგორც აღვნიშნეთ, ხელს უწყობს ორსულობა, მამაკაცებში კი, ფიზიკური დატვირთვა. აღნიშნული პრობლემის გამომწვევი შეიძლება იყოს მჯდომარე ცხოვრების წესი და ჭარბი წონაც.
ადამიანები ხშირად ცდილობენ, რომ გადადონ ექიმთან ვიზიტი და პრობლემას საკუთარი ძალებით მიხედონ. ისინი სასწრაფოდ იძენენ გარკვეულ, გარეგანი გამოყენების პრეპარატებს და იწყებენ მათ მოხმარებას, შეშუპებულ ფეხზე დატანას და ა.შ. რას ფიქრობთ, საპროფილაქტიკოდ, პირველადი შედეგის მისაღებად, ამ ტიპის მკურნალობაზე?
ვახტანგ ტატიშვილი: ჩვენ საწყის სტადიებზე ყოველთვის ვნიშნავთ კონსერვატიულ მკურნალობას. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ საწყის სტადიებზე ძალიან იშვიათად მოგვმართავენ. საწყისი სტადია ნიშნავს იმას, რომ არის შეშუპება ან ერთეული გამოვლინებები, ვენური-კაპილარული დაზიანებები. ასეთი დაზიანებების შემთხვევაში აუცილებლად დროულად უნდა მივმართოთ ექიმს.
რა თანამედროვე მიდგომებია დოპლეროგრაფიაში და რა ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევს ის აპარატები, რომლებიც დღეს არის ბაზარზე?
მარინა სახელაშვილი: თანამედროვე აპარატები შესაძლებლობას გვაძლევს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გამოსახულება 3D, 4D განზომილებაში მივიღოთ. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ სიღრმე, სიგრძე, სიგანე, მთლიანი მოცულობა. შეგვიძლია შევაფასოთ დაზიანების ხარისხი.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად ძალიან უსაფრთხოა დოპლეროგრაფია და რომ არანაირი უკუჩვენება არ აქვს.
ქრონიკული არტერიული უკმარისობა რით განსხვავდება ქრონიკული ვენური უკმარისობისგან, რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნული დაავადების შესახებ, აქვს თუ არა მაის რაიმე ისეთი მკვეთრად გამოხატული სიმპტომი, რაც თავად პაციენტსაც მიახვედრებს, რომ საქმე ქრონიკულ არტერიულ უკმარისობასთან აქვს?
ვახტანგ ტატიშვილი: ვენური უკმარისობისგან განსხვავებით არტერიული უკმარისობა უფრო მძიმე და რთულად სამკურნალო დაავადებაა. მარტივად რომ ავხსნა, სისხლის მიმოქცევის ორი სხვადასხვა სისხლძარღვი არსებობს და ეს არის ვენური და არტერიული სისხლძარღვები. არტერიული სისხლი ეს არის ჟანგბადით გაჯერებული სისხლი, რომელიც გულიდან კიდურებისკენ და ორგანოებისკენ მიემართება, ანუ ეს არის უკვე ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი და მისი ნაკლებობა უფრო მძიმე შედეგებს გვაძლევს, ვიდრე ვენური ნაკადის დაზიანება. არტერიული უკმარისობა უფრო მძიმე დაავადება, ანუ წარმოიდგინეთ, რომ უდაბნოში ხე გავზარდოთ ისე, რომ წყალი არ დავუსხათ. როდესაც ჩვენს კიდურებთან საკმარისი რაოდენობის სისხლი, საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებები არ მიდის, მას ეწოდება იშემია ანუ ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების ნაკლებობა. მერე იწყება ხოლმე ის პროცესი, რასაც ჩვენ განგრენას ან ნეკროზს, ანუ ქსოვილების დაზიანებას ვუწოდებთ.
ვინ დგას განგრენის, ნეკროზის რისკ ჯგუფში?
ვახტანგ ტატიშვილი: პირველ რიგში, გამოვყოფდი ადამიანებს, რომელთაც პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტი აქვთ, ეს განსაკუთრებით მძიმე ჯგუფია. მერე მოდის თამბაქოს, ჭარბი ალკოჰოლის მომხმარებლები და აქაც ისევ ერთვება გენეტიკური ფაქტორიც, რომელიც ასევე ძლიერად განაპირობებს დაზიანების ხარისხს და სიმძიმეს.
დიაბეტის მქონე პაციენტებში უფრო მკაცრად ვითხოვთ ხოლმე, რომ წელიწადში ერთხელ აუცილებლად ინახოს სისხლძარღვები დოპლერით, რადგან გამოირიცხოს სისხლძარღვების ისეთი დაზიანება, რომელიც შეიძლება გაგვეპაროს და მოხდეს სისხლძარღვების სტენოზი, ანუ დაკეტვა.
რა ითვლება ქრონიკული არტერიული უკმარისობის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად, აქ რა როლს თამაშობს დოპლეროგრაფია?
მარინა სახელაშვილი: დოპლეროგრაფია ეს არის პირველი და აუცილებელი კვლევა, რომელიც ნამდვილად საჭიროა არტერიული სისხლძარღვების გამოსაკვლევად. კვლევისას პაციენტი უნდა იყოს მწოლიარე მდგომარეობაში და ამ შემთხვევაში ჩვენ ვაფასებთ სანათურის დიამეტრს, სისხლძარღვის კედელს, ინტიმა-მედიალური შრის სისქეს, ვაკვირდებით, არის თუ არა კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქები, რამდენად დიდია ეს ფოლაქები, რა დონის სტენოზს იწვევს ის და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხული გვიახლოვდება და როგორც აღნიშნეთ, ამ პერიოდში ყველაზე მეტად აქტიურდება ვენებთან დაკავშირებული პრობლემები, რა ტიპის რეკომენდაციები შეგიძლიათ გასცეთ რისკჯგუფებისთვის, რას უნდა მოუფრთხილდნენ და რა უნდა გააკეთონ, რომ ვენებთან დაკავშირებული პრობლემების პროვოცირებას ხელი არ შეუწყონ?
ვახტანგ ტატიშვილი: მინდა, რისკ ჯგუფებს ვუთხრა, რომ პირველ რიგში იმ პრობლემას უნდა მიეხედოს, რის გამოც ისინი რისკ ჯგუფში არიან. ზოგადი რჩევების სახით, მძღოლებს მინდა ვუთხრა, თუნდაც 10 წუთი გააჩერონ მანქანა, გადმოვიდნენ და დაასვენონ ფეხები, გაიარონ. 10 წუთის განმავლობაში ამ ტიპის მოქმედებამ შეიძლება ძალიან დიდი შედეგი მისცეს მათ, რამდენიმე წლის შემდგომ, რადგან ამას აკეთებდნენ. სამსახურებში დიდი ხანი, საათობით ჯდომა სასურველი არ არის, ადექით გაიარეთ. კანჭის კუნთების მუშაობა ძალიან დიდ როლს ასრულებს ვენური უკმარისობის პრევენციაში, რადგან კანჭის კუნთების მუშაობის დროს ხდება ვენური უკუდენის გაუმჯობესება. ვენური უკმარისობისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა ცურვაც.
მარინა სახელაშვილი: ძალიან კარგია ფეხით სიარულიც.