LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი მედდა უკვე გარდაცვლილი იყო, სიცრუეა: ლევან რატიანი

128
Untitled design (5)

“შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, შეუქცევადი, ეს გამოწვეული იყო პოსტრეანიმაციული დაავადებით და ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილის დაფიქსირება.” –   პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და 27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

რატიანმა კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მედდა კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო და მას სიცრუე უწოდა:

“ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქალბატონი მეგი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იყო 18 მარტს 19:45 წუთზე, იყო მიცვალებული – ეს წარმოადგენს სიცრუეს.

ქალბატონი მეგი, კატასტროფის ბრიგადის მიერ გადმოყვანილი იქნა 19:45 წუთზე. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას, ასევე მინდა გითხრათ, რომ შემოყვანისთანავე რამდენიმე წუთში ჩვენს მიერ იყო გასინჯული. დაფიქსირდა რომ პაციენტთან იყო ჰემოინამიკის მკვეთრი მოშლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი, ვინაიდან სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება, ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, იყო არტერიული წნევა შენარჩუნებული მეგადოზებით, ამ პრეპარატებით, რომლებიც იძლევა წნევის აწევას.

შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, შეუქცევადი, ეს გამოწვეული იყო პოსტრეანიმაციული დაავადებით და ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილის დაფიქსირება.” – განაცხადა რატიანმა.

მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს თემა არის ძალიან მტკივნეული:

“განსაკუთრებით მედპერსონალი, ახალგაზრდა რომელიც იღუპება ამ პერიოდში, რასაც პანდემიასთან ბრძოლა ჰქვია და მას უნდოდა სიცოცხლის გადარჩენა და ვაქცინაციის შედეგად სავარაუდოდ გამოწვეულმა სხვადასხვა პრობლემებმა მიიყვანა სიკვდილამდე, ეს დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც.

ჭეშმარიტება არის ის, რომ პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს კატასტროფის ბრიგადით, არასტაბილური ჰემოდინამიკით, მართვის სუნთქვით, სამბალიანი კომით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იყო ეს მდგომარეობა და იყო შეუქცევადი, ყველაფერი გააკეთა კლინიკამ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო.” – აღნიშნა ლევან რატიანმა.

მან ასევე განმარტა, რომ პაციენტს კლინიკაში შეყვანისთანავე ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა, სადაც ფიქსირდება, რომ თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც მიუთითებს, რომ პაციენტი კლინიკაში შეყვანის დროს ცოცხალი იყო.

“კლინიკა “იმედის” სამედიცინო პერსონალი საუბრობს ვაქცინაციის შემდგომ დახმარების დაგვიანებაზე და იმაზე, რომ პრაქტიკულად, გარდაცვლილი წაიყვანეს თბილისში” – მეგი ბაქრაძის ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები