LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩანგელიების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, არ არის სიმართლე: თბილისის მერიის განცხადება

150
5

“არაერთი განმარტების მიუხედავად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია, მათ შორის, 8 წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახსაც, აფრიკის დასახლებაში მიტაცებულ მიწაზე აქვთ განთავსებული უკანონო ნაგებობა,” – ამის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე, მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან ამ ოჯახის ინტერესების დამცველების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები სარგებლობენ დევნილის სტატუსით, ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტომ მოიკვლია დამატებითი ინფორმაცია და გაირკვა, რომ სულ ახლახან, სახელმწიფომ მათ საკუთრებაში გადასცა სამოთახიანი ბინა ქალაქ ზუგდიდში.

დევნილ ჩანგელიების ოჯახზე ბრიფინგზე ისაუბრა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს დირექტორმა ბესარიონ სვიმონიშვილმაც. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დევნილი ოჯახი და არასრულწლოვანი დარჩა ღია ცის ქვეშ – არ შეესაბამება სიმართლეს.

დევნილთა სააგენტო აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მიმართვაში აღნიშნულია, რომ სააგენტომ ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, 14 დეკემბერს სამოთახიანი ბინა გადასცა.

“2020 წლის ნოემბერში დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ამ ოჯახის დაკმაყოფილების საკითხი. ოჯახი რეგისტრირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში. 30 ნოემბერს სააგენტომ ოფიციალურად შესთავაზა ხუთსულიან დევნილ ოჯახს ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლში ფართის გადაცემა.

1 დეკენმბერს ჩანგელიების ოჯახმა სააგენტოს ოფიციალურ ფოსტაზე წერილობით დაადასტურა და თანხმობა განაცხადა ბინის მიღებაზე. 7 დეკემბერს სააგენტომ გამოაქვეყნა დევნილი ოჯახების სია, რომლებიც ამ ეტაპზე დაკმაყოფილდნენ, მათ შორის იყო ჩანგელიების ოჯახი.

12-13 დეკემბერს, ზუგდიდში გაიმართა კენჭისყრა, რომელზეც გამოცხადდა ხსენებული ოჯახი. იქიდან გამომდინარე, რომ ხუთსულიანი ოჯახიდან 2 სრულწლოვანი წევრი არ იმყოფებოდა ადგილზე, კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ვერ გადავეცით გასაღები.

დევნილთა სააგენტო გამოხატავს მზაობას, ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს, თბილისში, ზუგდიდში, ოჯახისთვის მისაღებ ადგილას, ყველა სრულწლოვანმა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, რის შედეგადაც, მათ კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემათ კუთვნილი ბინა.” – განაცხადა სვიმონიშვილმა.

ჯღარკავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მერიის დისკრედიტაციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია და საზოგადოებას უწყვეტად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, თბილისის მერიას არავინ დაუტოვებია ღია ცის ქვეშ, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, მიიტაცონ სახელმწიფო მიწები და უკანონო ნაგებობები განათავსოს მასზე. ძირითად შემთხვევაში, ამ უკანონობის უკან დგანან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ჭერი და არ არიან უსახლკაროები.” – თქვა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.