“ქართულმა ოცნებამ” გუშინ თავისი ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა, რომ რადიკალურ დესტრუქციულ ძალად გადაიქცა, რომელიც მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების “გადაგდებისთვის”, – აცხადებს “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე და ამბობს, რომ პარტია გააგრძელებს ბრძოლას პარლამენტიდან იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს.
ჯაფარიძის განცხადებით, “ლელო” ზრუნავს ქვეყნის სტაბილურობისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა განუკითხაობის და ქაოსის უფსკრულში არ გადაიჩეხოს და წარსულს არ დაუბრუნდეს:
მისივე თქმით, პარტია იბრძოლებს, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს და ადგილობრივი არჩევნებისთვისაც უფრო გაძლიერებული ენერგიით მოემზადებიან:
“ქართულმა ოცნებამ” გუშინ თავისი ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა, რომ რადიკალურ დესტრუქციულ ძალად გადაიქცა, რომელიც მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების “გადაგდებისთვის”. ჩვენ ვნახეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შეფასება, ევროკავშირის შეფასება.
“ლელო” ზრუნავს ქვეყნის სტაბილურობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს განუკითხაობის და ქაოსის უფსკრულში და არ დაუბრუნდეს წარსულს, არამედ დაუბრუნდეს დასავლურ ვექტორს, ამიტომ ვიზიარებთ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებს და ჩვენ გვაქვს იგივე ხედვა, რაც მათ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმების ვალდებულებები როგორც არის აღებული, შესრულდეს სრულად, ამისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო გაძლიერებული ენერგიით, რომ რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას,” ეს რეალობა დადგეს და ეს რეალობა აუცილებლად დადგება.
2 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს, დაამარცხებს „ქართულ ოცნებას” და გაისტუმრებს ხელისუფლებიდან, ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს. ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, რომ მიგვეღწია რიგგარეშე არჩევნებისთვის და განგვეხორციელებინა ცვლილებები, რომელიც არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტში, ამიტომ სანამ ეს მიზნები არ იქნება მიღწეული, ჩვენ პარლამენტში ვიქნებით. შესაბამისად, გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად და იმისთვის, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”, – თქვა ჯაფარიძემ.