თბილისის მერია სოციალურ კამპანიას – „გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს, რომლის მიზანი ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კამპანიის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდება და მათში მოქალქეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ხშირია განახლებული სკვერების, მოწესრიგებული ქუჩების მიზანმიმართული დაზიანების შემთხვევები. ბევრი ასეთი ვანდალური ფაქტია, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს და მათ აუცილებლად მივაწვდით მოსახლეობას, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოქალაქე. ვიწყებთ სოციალურ კამპანიას -„გაუფრთხილდი ქალაქს,“ რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას. კამპანია ყველა მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად ჩაერთოს ქალაქის მოვლა-პატრონობის პროცესში, გაუფრთხილდეს არსებულ ინფრასტრუქტურას, მწვანე საფარს, იზრუნოს სისუფთავეზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტში ბევრი ადამიანი ჩაერთვება, ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, რადგან, რასაც ვაკეთებთ, ეს ყველა ჩვენგანის, ჩვენი ქალაქის საკუთრებაა. როდესაც თანხები იხარჯება, ეს ბიუჯეტის თანხაა, რომელსაც ჩვენ ვუწევთ მენეჯმენტს, რათა სწორად განიკარგოს, სწორად დაიხარჯოს და კარგი პროექტები განხორციელდეს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ კამპანიაში ბევრი ადამიანი ჩაერთვება. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.