გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ შესაძლოა ჩაი გააძვიროს. აისახება თუ არა ლარის დევალვაცია ”ჩაი №101″-ის პროდუქციაზე, მალე გახდება ცნობილი. თუმცა, როგორც ”ფორტუნას” აღნიშნული ბრენდის მწარმოებელი კომპანია ”გეოაგო-15”-ის დამფუძნებელმა, გიორგი გოგიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ”ჩაი №101″-ის პროდუქციაზე ძველი ტარიფია შენარჩუნებული.
”მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩაი არ გავაძვირო და მომხმარებლისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პროდუქცია. ჯერჯერობით ”ჩაი №101″-ი იმავე ფასად იყიდება, ის 50 და 100-გრამიან შეფუთვებშია და გასაყიდი ფასი 3-დან – 3.50 ლარამდე მერყეობს. თუმცა, თუ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება განაგრძო, მოგვიწევს ფასების აწევა, რადგან საკმაოდ დიდი ხარჯები გვაქვს წარმოებისას და ეს ყოველივე კომპანიას ფინანსურ პრობლემებს უქმნის”, – განმარტა გოგიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სწორედ ფინანსების სიმცირის გამო, კომპანია ამ დრომდე წარმოების გაზრდას ვერ ახერხებს.
”ჩვენი საწარმოს მოწყობის პროცესი დროში გაიწელა. სავარაუდოდ, სრული დატვირთვით ქარხანა მომავალ წელს ამუშავდება.
დავამონტაჟეთ უკვე რამდენიმე ახალი დანადგარი, შეფუთვებსაც ადგილობრივად ვახორციელებთ. თუმცა, შეფთვა პროდუქციის ღირებულებს ზრდის, ამიტომ, ძირითადად, ჩაის წონით ვყიდით”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, ”ჩაი N 101″-ის პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით დიდ სავაჭრო ქსელებსა და რამდენიმე მაღაზიაში იყიდება. ახალი ბრენდის მიერ წარმოებულ ჩაიზე, როგორც გიორგი გოგიშვილი ამბობს, მოთხოვნა მზარდია. ”მოთხოვნა მიწოდებას აღემატება. თვიურად მხოლოდ 200 კილოგრამამდე პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა გვაქვს, საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა კი გაცილებით დიდია. ამიტომ, ჯერ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე ვმუშაობთ, სამომავლოდ კი ექსპორტზე გასვლაც იგეგმება”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”ჩაი N 101″-ის შემქმნელმა.
ცნობისთვის, ”ჩაი N101”-ის 8 ჰექტარი პლანტაციები გურიის მთიან სოფელ ასკანაში მდებარეობს. აღნიშნული ბრენდის ქვეშ ქართულ ბაზარზე 5 სახეობის ჩაი გამოდის.