LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გათვლა ჰქონდათ იმაზე, რომ როგორღაც ამოვეგდე რეგისტრაციიდან – ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს, ცესკო-ს მიმართ პრეტენზია აქვს. ელისაშვილი თქმით, თვენახევრიანი ხვეწნის შემდეგ, ცესკომ გუშინ მისცა კანდიდატს ის 3 ცალი ბლანკი, რომლითაც 10 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.

ცესკოს გადაწყვეტილებასა და ზოგადად წინასაარჩევნო პროცესზე  „ფორტუნა“ ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.

ალეკო ელისაშვილი: ჯერ ერთი, ცესკო რეგისტრაციას გვიხანგრძლივებდა მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში. გვიხარვეზებდნენ და გუშინ თქვეს საბოლოო დასტური, ალბათ, კიდევ ახალ შარს მოერიდნენ. ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ ვიყავი წარდგენილი. ყველაზე დიდი პრეტენზია არის იმაზე, რომ ცესკოში მთელი ამ ხნის განმავლობაში ბლანკებს არ მაძლევდნენ.  ვიცოდით, რომ არჩევნები 21 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო. ვიცოდით, რომ წარდგენილი ვარ ოფიციალურად და ვეხვეწებოდით, რომ ბლანკები მოეცათ. ბლანკები რომ ამდენი ხნის განმავლობაში მოეცათ, პრობლემა მოიხსნებოდა. 3 ბლანკი არ მოგვცეს ერთი თვის განმავლობაში გუშინდლამდე  და გუშინ, როგორც იქნა, 3 ფარატინა ბლანკი მოგვცეს. 21-ე საუკუნეში ერთი ელექტრონული შევსება შეიძლება, არსებობდეს! ავიღებდი ამ ბლანკებს და თუ ვარ შემვსები, 1 თვეშიც შევავსებ, 1 კვირაშიც და თუ არ ვარ შემვსები, შეიძლება 10 წელიც ვერ შევავსო. საქმე სინამდვილეში სწორედ ესაა, რომ ცესკო ფეხდაფეხ მიჰყვა ხელისუფლების თამაშს და გათვლა ჰქონდათ იმაზე, რომ როგორღაც ამოვეგდე რეგისტრაციიდან.

ვეხვეწებოდით, რომ ბლანკები მოეცათ. ბლანკები რომ ამდენი ხნის განმავლობაში მოეცათ, პრობლემა მოიხსნებოდა.

მე პრეზიდენტის მიმართ რაიმე პრეტენზია რომ მქონდეს, კანონის მიმართაც უნდა მქონდეს. კანონთან არ მაქვს პრეტენზია, მხოლოდ ცესკოს და ხელისუფლების მაიმუნობასთან მაქვს! ბლანკის მოცემას რა უნდოდა?! იცოდნენ, რომ არჩევნებში ვმონაწილეობდი, იცოდნენ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები 21 ოქტომბერს იქნება. 2 ცალი ბლანკი მომცეს ერთი თვის ხვეწნის შემდეგ! აი, ამაში არის საქმე.

  • ზაალ უდუმაშვილის შეთავაზებაზე რას ფიქრობთ? უარი რატომ თქვით?

ა.ე: მე ამაზე უარი ვთქვი. მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ მე ხალხთან ერთად დავამტკიცებ, რომ ნებისმიერი ხრიკი, რომელიც ამ ხელისუფლებამ იმ ხელისუფლებისგან ისესხა და მეტი ვერაფერი ისწავლა წინა ხელისუფლებისგან, ნებისმიერ ხრიკს ჩავუყრი წყალში ხალხთან ერთად!

  • თუ ვერ მოაგროვებთ 10 000 ხელმოწერას, რა გეგმა გაქვთ?

ა.ე: გამოვრიცხავ. მოვაგროვებ ამ ხელმოწერებს. ერთ კვირაში დავუდებთ ძალიან დიდ დასტას. 3 ცალი ბლანკი მომცეს და ვაქსეროქსებდით მთელი დღის განმავლობაში გუშინ. ასეთი მაჩანჩალები არიან შეგნებულად ცესკოში! 21-ე საუკუნეში 3 ბლანკს გაძლევენ, რომ მერე აქსეროქსო.

  • თბილისის მერი თუ გახდით, იქიდან გამომდინარე, რომ ხართ დამოუკიდებელი კანდიდატი, თავს მარტო, გუნდის გარეშე როგორ გაართმევთ?

ა.ე: ჩემს გუნდს სექტემბრის ბოლოს წარვადგენ, საკრებულოსთან მექნება ურთიერთობა. ისე ითანამშრომლებს საკრებულო ჩემთან, როგორც დაგიბარებიათ! მე თუ ხალხი ამირჩევს მილიონიანი ქალაქის მერად, აბა ვინმემ გაბედოს საკრებულოში და რამე ქალაქისთვის სასარგებლო ინიციატივას ფეხი დაუდოს! მე არ ვაპირებ, საკრებულოს ჰქონდეს ინიციატივები, რომ სტადიონების მაგივრად სასტუმროები ავაშენოთ. პირიქით ექნება! აბა, ვინმემ უარი თქვას ახალი სტადიონების და სკვერების კეთებაზე! აბა ვინმემ გაბედოს და იმ საკრებულოში ვერ დაჯდება 2 დღეც კი. შესაბამისად, საკრებულო ვერაფრის ჩაგდებას ვერ გაბედავს. იმათაც ვანახებ მერე, ხალხს რა ძალა აქვს.

 

თათია კაკიაშვილი