LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გატუზოსგან არ ველოდი: კახა კალაძემ იტალიაში ინტერვიუ მისცა და თბილისზეც ილაპარაკა

373
kaxaaa

თბილისის მერი და „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე იტალიაშია. ის სერია ა-ს მატჩს დაესწრო, რომელშიც მისმა ყოფილმა გუნდმა 3:0 აჯობა „ემპოლის“. იტალიელებმა კალაძესთან გასაუბრის შანსი ხელიდან არ გაუშვეს და „გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტმა ალესანდრა გოძინიმ ქართველ სელებრითისთან ინტერვიუ გააკეთა.
სტატიის შესავალში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომელმაც იტალიურ გრანდთან ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს მეგობარია. 40 წლის კალაძეს კარიერაში 22 ტიტული აქვს მოგებული – აქედან 8 სწორედ „მილანთან“ ერთად (6 კიევის „დინამოში და 8 თბილისის „დინამოში).

 

 

პარასკევ საღამოს ტრიბუნაზე იყავით. ისიამოვნეთ?

წელს პირველად ვიხილე “მილანი” ცოცხლად. ისე კი, ყველა თამაშს ვუყურებ. ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდის პროგრესი თამაშიდან თამაშამდე თვალსაჩინოა.

მაინც რას გამოარჩევდით ყველაზე მეტად?

გუნდმა იცის, რა და როგორ უნდა აკეთოს. თავს ახლა კარგად იცავენ, შეტევაში კი მწვავედ მოქმედებენ.

ეს გატუზოს დამსახურებაა?

მან დაალაგა სათამაშო რგოლებს შორის კავშირი, რომელიც ახლა ბევრად კარგია. სწორედ მან შექმნა განწყობა გასახდელში. თავდასხმა ეხმარება ნახევარდაცვას, ნახევარდაცვა დაცვას.

ელოდით, რომ გატუზოს სამწვრთნელო კარიერა ასეთი წარმატებული იქნებოდა?

სიმართლე გითხრათ, ნაკლებად, ჩვენ ბოლო დროს ისე ხშირად აღარ ვსაუბრობთ ერთმანეთთან, როგორც ადრე, ფეხბურთელობის დროს. გატუზომ აირჩია თავისი გზა და დღეს ის წარმატებით მუშაობს გრანდში. რინო ძალიან ბევრს მუშაობს და მთელი არსებით ამ საქმეშია ჩაფლული. მას შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნოს “მილანი”, თუნდაც მესამე ადგილით. ამას გარდა, გუნდი წარმატებით თამაშობს იტალიის თასზეც.

რას იტყვით ძველი თანაგუნდელების, ლეონარდოსა და მალდინის თაობაზე, რომლებიც კლუბში ჩინოსნების რანგში დაბრუნდნენ?

– მათ მეტი სტაბილურობა მოიტანეს გუნდში. პირველ რიგში, ისინი რინოს ეხმარებიან. მთავარია, ელიოტს სურს, რომ კლუბში დიდი ინვესტიცია ჩადოს. ახალი ფეხბურთელების დამატების შემთხვევაში, “მილანი” დაბრუნდება ტოპკლუბებს შორის.

პიონტეკი ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება?

ის კარგია და კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ძალიან გაიზარდა და კიდევ უფრო მეტი შეუძლია. იტალიის ჩემპიონატში ადაპტაცია რთულია, „მილანის“ ფორვარდისთვის კი კიდევ უფრო რთული. განსაკუთრებით მაშინ, თუ იქ უცხოეთიდან ჩადიხარ. ეს განსაკუთრებით ფორვარდებს ეხებათ. პიონტეკს აქვს სწორი დამოკიდებულება – სულ ჩასაფრებულია, ბევრს მოძრაობს, დაცვასაც ეხმარება. მე მითამაშია დიდი თავდამსხმელების წინააღმდეგ. ის ვერ გახდება ბრაზილიელი რონალდო, მაგრამ დიდი ფორვარდი რომ იყოს, ეს კი შეუძლია.

მალე დაბრუნდებით “სან სიროზე” გატუზოს საგულშემატკივროდ?

ველაპარაკები ტელეფონზე, ვწერ მესიჯებს… ახლა, როგორც თბილისის მერი, ძალიან დაკავებული ვარ. თითქმის მილიონნახევარი ადამიანის წინაშე მაკისრია პასუხისმგებლობა და ვცდილობთ, გადავჭრათ პრობლემები. გვინდა, რომ ხალხი ბედნიერი გავხადოთ.
რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ – ახალი გზები, ზოგადად ინფრასტრუქტურა. გვინდა, რომ ევროპის ყურადღება მივიპყროთ და მომავალში ევროკავშირში შესვლა შევძლოთ. ცოტა ხნის წინ მარიხუანას შესახებ კანონიც მივიღეთ: ადრე მისი მოხმარება ისჯებოდა, დღეს კი პირადი მოხმარება ლეგალიზებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები