LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაოცარი ოლიმპიადა საოცარ ქალაქში: რიო წარსულია, მომავალი ტოკიოსია

89

XXXI ოლიმპიადა დასრულდა!

უამრავი რეკორდით, ძალიან დაძაბული შეჯიბრებებით და ათასი საინტერესო ასპარეზობით სავსე რიო 2016 ახლა უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

21 აგვისტოს ოლიმპიური მოძრაობის კიდევ ერთ მშვენიერი თავი დასრულდა. რიო 2016-ის დახურვის საზეიმო ცერემონიის მიწურულს ოლიმპიურ ცეცხლი ხელოვნური ტროპიკული წვიმით და პოპულარული ბრაზილიელი მომღერლის მარიენე დე კასტროს მიერ შესრულებული სევდიანი ბალადით ჩაქრა…
„ბრაზილიაში სტუმრებად ჩამოვედით. დღეს გტოვებთ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. თქვენ სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩებით”! – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონიაზე, მერე კი პორტუგალიურად თქვა: Estes foram Jogos Olimpicos maravilhosos, na cidade maravilhosa! ეს იყო გასაოცარი ოლიმპიადა საოცარ ქალაქში!

რიო 2016-ის დამაგვირგვინებელ შოუს, ისევე, როგორც ოლიმპიადის გახსნას, ამაღელვებელი საფეხბურთო ისტორიებით საქვეყნოდ ცნობილმა „მარაკანამ” უმასპინძლა.

სოკ-ის პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელ სიტყვამდე იყო ერთა აღლუმი, რომელიც ოლიმპიური ტრადიციით, სტადიონზე საბერძნეთის ოლიმპიური გუნდის შემოსვლით დაიწყო. ბერძნების შემდეგ ბრაზილიელები გამოჩნდნენ. მათ XXXI ოლიმპიადა 7 ოქროთი, სულ კი 19 მედლით დაასრულეს. ბრაზილიის ოლიმპიური გუნდი ასეთი წარმატებული არასდროს ყოფილა!

საქართველოს გუნდის მედროშე რიო 2016-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ძალოსანთა ოქროს მსოფლიო რეკორდით მომგები ლაშა ტალახაძე გახლდათ. ბრაზილიელების არ იყოს, XXXI ოლიმპიადა ჩვენი გუნდისთვისაც მშვენივრად დასრულდა: 7 მედლით საქართველომ ოთხი წლის წინ, ლონდონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში ჩემპიონობით მხოლოდ ერთხელ გავიხარეთ. რიოში ორჯერ: ტალახაძის ოქროს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილის ტრიუმფი მოჰყვა!

ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების შემოსვლის შემდეგ ნორვეგიელი დიჯეის კიოგოს და ამერიკელი ჯულია მაიკლსის დრო დაგდა, რამდენიმე წუთში კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყების, ოლიმპიური ინტერნეტ-ტელევიზიის პრეზენტაცია გაიმართა. გულშემატკივრებს ოლიმპიადასთან და ზოგადად, ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებული უამრავი საინტერესო ვიდეორგოლის ხილვა ამ არხის მეშვეობით შეუძლიათ. საწყის ეტაპზე ინტერნეტ-ტელევიზია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი…

ბრაზილიის კულტურის და წარსულისადმი მიძღვნილი წარმოდგენის შემდეგ ცერემონიის მომდევნო ნაწილის დრო დადგა: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიაში ოთხი ახალი წევრი აირჩიეს და ისინი რიო 2016-ის მოხალისეებმა თაიგულებით დააჯილდოვეს. გერმანელი მოფარიკავე ბრიტა ჰაიდერმანი, სამხრეთკორეელი მაგიდის ჩოგბურთელი სოგ-მინ რიუ, უნგრელი მოცურავე დანიელ დიურტა და რუსი ჭოკით მხტომელი ელენა ისინბაევა – ესენი არიან სოკ-ის სპორტსმენთა კომისიის ახალი წევრები.

ოლიმპიური ტრადიციის მიხედვით, რიო დე ჟანეიროს მერმა ედუარდო პაესმა საზეიმოდ დაშვებული ოლიმპიური დროშა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს „დაუბრუნა”, სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა კი ის, თავის მხრივ, ტოკიოს მმართველს იურიკო კოიკეს გადაულოცა. სანახაობას ბავშვთა გუნდის შესრულებული ოლიმპიური ჰიმნი უსწრებდა.

იაპონიის სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ სტადიონის შუაგულში ამ ქვეყნის დროშა გამოისახა და XXXII ოლიმპიადისადმი მიძღვნილი წარმოდგენაც დაიწყო: პორტუგალიურ და იაპონურ ენებზე გრაფიკული ნამუშევარი „მადლობა რიო” ამონათდა, რასაც ტოკიო 2020-ზე შექმნილი კოლაჟი მოჰყვა.

სანახაობის კულმინაციად ვიდეორგოლში იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს გამოჩენა იქცა, რომელიც პოპულარული კომპიუტერული თამაშის „მარიოს” მხიარულ სუპერგმირად გადაიქცა და ტოკიოდან პირდაპირ „მარაკანას” შუაგულში ამოყო თავი! გულწრფელად ვიტყვი – მშვენიერი გადაწყვეტილება იყო!

„აღმოაჩინე ხვალინდელი დღე” – ასეთია ტოკიო 2020-ის დევიზი, რომელიც „მარაკანაზე” თამაშების ემბლემასთან ერთად ვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ სოკ-ის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაში სპორტის ხუთ ახალ სახეობას ვიხილავთ: ბეიზბოლს/სოფტბოლს, კარატეს, სპორტულ მეკლდეურობას, სერფინგს და სკეიტბორდინგს.

შემდეგ ისევ თომას ბახის და კარლოს ნუზმანის ჯერი დადგა: სოკ-ის პრეზიდენტმა რიო დე ჟანეიროს, ოლიმპიური თამაშების უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის, ოლიმპიური თასი გადასცა. ჯილდო, რომელიც თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელმა, ფრანგმა ბარონმა პიერ დე კუბერტენმა ზუსტად 110 წლის წინ დაამზადა.

თავისი სიტყვის დასასრულს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა XXXI ოლიმპიადა დახურულად გამოაცხადა და კიდევ ერთი ლამაზი ოლიმპიური ტრადიციით, მსოფლიო ახალგაზრდებს ოთხ წელიწადში მომდევნო ოლიმპიადაზე, ტოკიოში შეხვედრისკენ მოუწოდა.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ რიო 2016-ის დახურვის ცერემონია მრავალფეროვანი ბრაზილიური ცეკვებით, სიმღერებით და სანახაობით გაგრძელდა, სულ ბოლოს კი იყო ის, რითაც ასე პოპულარულია ბრაზილია – სამბას კარნავალი.

რაც იყო, იყო. მომავალ „ოლიმპიურ” შეხვედრამდე!

ოთხი წლის შემდეგ, 2020 წელს ტოკიოში.

msy.gov.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები