დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ თანამდებობას ტოვებს.
ვრცელ მიმართვაში ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და პრიორიტეტებს ასახელებს, როგორც ის აღნიშნავს, წინ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და ასევე, აღმოსაფხვრელია პრობლემები:
“გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა.
◾ ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი შემდგომი თაობებისთვის იგი უკვე ცხოვრების ნორმა, ყოველდღიურობაში დამკვიდრებული მიდგომა იყოს.
◾ ავადობის ძირითადი ტვირთის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და მრავალ წამყვან ქვეყანაში უპირობოდ აღიარებული სწორი და ეფექტური მიდგომაა.
◾ განსაკუთრებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც ჩემი შეხედულებით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს.
◾ გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის სტრატეგია და მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა.
◾ ასევე უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე ბევრი მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გამოვლენა, მათ შორის კიბოსა და სხვა წამყვანი ქრონიკული დაავადებების.
◾ ქვეყანაში უფრო მეტად ხელშეწყობილი უნდა იყოს მედიცინის დიგიტალიზაცია, გაძლიერდეს პრეციზიოზული, მიზნობრივი და გენომური მედიცინა და მასზე დაფუძნებული მეთვალყურეობა, გენომის შესწავლა, რაც 21-ე საუკუნის მედიცინის ქვაკუთხედია. ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა.
სამწუხაროდ, ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი.
◾ ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა.
◾ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები.
მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი მთელი პროფესიული კარიერის მანძილზე, ვასწავლიდი და ვუზიარებდი ჩემს სტუდენტებს და შემდგომშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოღვაწეობას.
ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.