LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

112
სოფლის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„მსოფლიო ბანკთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაკავშირებს; დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელიც წლებია მსოფლიო ბანკის გუნდისგან გვაქვს. მათთან თანამშრომლობით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა ფერმერების მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო  პროექტების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდის მაჩვენებლების შესახებ. ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე სამრეწველო ემისიების, წყლის რესურსების მართვის, რადიაციული უსაფრთხოების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტზე.

შეხვედრაზე საუბარი სატყეო სექტორს, ქვეყანაში დაცული ტერიტორიების მზარდ სტატისტიკას და კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების გზებსაც შეეხო.