საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.
საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოებს გაეცნო.როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მისული ჩიჩხიტურის მონასტერთან.
“ფაქტობრივად ტექნიკა არ მუშაობს, გაყვანილია, თუმცა ეს საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან. პრინციპი ერთი ცხადი არის, რომ ვერაფრით შეეგუება ეკლესია იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები ირღვეოდეს. ჩვენ ვიცით, რომ 1996 წელს ორ სახელმწიფოს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საზღვრის დადგენისას უნდა ეხელმძღვანელათ 1938 წელს შედგენილი რუკის მიხედვით და შემდგომში სადემარკაციო კომისიის მუშაობამ ძალიან სავალალო შედეგი დადო. იმ საზღვრიდან გაცილებით შიგნით არის, კომისიის მიერ დადგენილი ხაზები. სავარაუდოდ 250-300 მეტრით აქეთაა. რთული პროცესია, ეკლესია ამ დეტალებში თანდათან თუ გაერკვევა. საპატრიარქო ძალიან ყურადღებით იქნება შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები და ჩართული იქნება ამ პროცესებში“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქო დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები დავით გარეჯში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვირს სადელიმიტაციო კომისიის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ.
როგორც უწყებაში ამბობენ, მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება.
გარდა ამისა, ისინი მომავალ შეხვედრასაც გამართავენ, რომლის თარიღიც ჯერ შეთანხმებული არ არის.
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა.